სააკაშვილის ახლობლების ქონებაზე ყადაღის დადებას სავარაუდოდ სტრასბურგის  გაასაჩივრებენ

სააკაშვილის ახლობლების ქონებაზე ყადაღის დადებას სავარაუდოდ სტრასბურგის გაასაჩივრებენ

მიხეილ სააკაშვილის ახლობლების ქონებაზე ყადაღის დადებას ექსპრეზიდენტის ადვოკატები სავარაუდოდ სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ განუცხადა.

ადვოკატმა სააკაშვილის და მისი ახლობლების ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურაზე ისაუბრა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, 27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა პროკურატურამ და მოითხოვა მიხეილ სააკაშვილის და მასთან დაკავშირებული პირების, მათ შორის დედის, მამის, ბებიის, შვილებისა და მეუღლის ქონების დაყადაღება.

"სასამართლოს განჩინება არის სრულიად დაუსაბუთებელი. გადაწყვეტილებაში ჩამოთვლილია მიხეილ სააკაშვილის ქონება და წერია : "სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადების და შუამდგომლობის მითითებულ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძვლები და მიზანი, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა". ჩვენთვის გაუგებარია რა არის სამართლებრივი საფუძვლები და მიზანი, რის საფუძველზეც ქონებას ყადაღა დაედო", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისი თქმით, პროკურატურამ განჩინება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და მოითხოვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ნათესავების ქონებაზეც დაედოთ ყადაღა.

"სააპელაციო სასამართლოს მათ წარუდგინეს ისეთივე დაუსაბუთებელი მსჯელობა, რაც საქალაქო სასამართლოში, თუმცა სააპელაციო სასამართლომ, ასევე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, დააყადაღა მიხეილ სააკაშვილის ბებიის, დედის, და მეუღლის ქონება", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისი თქმით, ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ქონების გაფლანგვაში ედება და არა მითვისებაში, შესაბამისად, არავითარი კავშირი მისი ნათესავების ქონებას და რაიმე დანაშაულს შორის არ არსებობს.

"ამ ფონზე, გაუგებარია მიღებული გადაწყვეტილება ყადაღის დადების შესახებ. ჩვენთვის უბრალოდ შეუძლებელია სასამართლოს მოტივაციის დადგენა, რადგან განჩინებაში დასაბუთება არ არის. შესაბამისად, გვრჩება ერთადერთი გზა, ვივარაუდოთ, რომ ადგილი აქვს პრიმიტიულ შურისძიებას სააკაშვილზე და მის ოჯახზე, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთით", - განაცხადა ოთარ კახიძემ.