მიუხედავად მიღწევებისა, ჩვენ წინაშე კიდევ მრავალი გამოწვევა რჩება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ათასწლეულის განვითარების მიზნების საქართველოს ეროვნული ანგარიშის" პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, გამოწვევებს შორისაა ისეთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, როგორიცაა ბავშვთა სიღარიბის შემცირება.
"ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევებს და ვცდილობთ გამოვნახოთ მათი გადაჭრის ეფექტიანი გზები. პარალელურად, მსოფლიოში მიმდინარეობს დისკუსია ახალ, მდგრადი განვითარების მიზნებზე, რომელშიც საქართველოც აქტიურად მონაწილეობს", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოში ათასწლეულის განვითარების მიზნების შესრულების პროცესმა გვიჩვენა, რომ გლობალურ ცვლილებებს, გლობალური თანამშრომლობის გარდა, სჭირდება ძლიერი და გამჭვირვალე ანგარიშვალდებულების მექანიზმები.
"საქართველოს მთავრობამ სწორედ ამ მექანიზმების შემუშავებაში მიიღო მონაწილეობა 15-16 სექტემბერს ჟენევაში, გაერო-ს ეგიდით გამართულ მაღალი დონის მინისტერიალში. მთავრობის ინიციატივები და რეფორმები უნდა ითვალისწინებდეს 2015 წლის შემდეგ მსოფლიოს მდგრადი განვითარების მიზნებსაც, რაზეც საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა სამინისტროებს, გაერო-ს ადგილობრივ წარმომადგენლობას და მის სპეციალიზებულ სააგენტოებს, არასამთავრობო სექტორს და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა აღნიშნული ანგარიშის მომზადებაში.
"ეს არის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ რა შედეგი მოაქვს დასახული მიზნის გარშემო გაერთიანებას. მჯერა, რომ სწორედ ასეთი ერთობა აქცევს მსოფლიოს უფრო აყვავებულ, განათლებულ და უსაფრთხო ადგილად", - განმარტა პრემიერ-მინისტრმა.