ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დაცვის მხარის მოწმე ქეთევან კობიაშვილი დაიკითხა. როგორც კობიაშვილმა განაცხადა, მას შალვა თათუხაშვილთან ნათესაობა აკავშირებს, კერძოდ, ბიძაშვილები იყვნენ.
მოწმის განცხადებით, 24 თებერვალს მას საზღვარგარეთიდან თათუხაშვილის მამა დაუკავშირდა და უთხრა, რომ შალვა თათუხაშვილი იყო პროკურატურაში და მასთან ვინმე ადვოკატი გაეშვათ. კობიაშვილის თქმით, პროკურატურაში არც ადვოკატი და არც ახალგაზრდა იურისტთა წარმომადგენელი არ შეუშვეს. შალვას დაკითხვა 15:30-დან 03:00 საათამდე გაგრძელდა. მოწმის თქმით, მან შალვა თათუხაშვილი 1 თვის შემდეგ ნახა, რადგან დანარჩენი პერიოდი ოჯახმა არ იცოდა, თუ სად იყო შალვა.
,,დათრგუნული იყო. საუბარი უჭირდა. ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილს ელაპარაკა ცალკე, მერე კი - მე. მითხრა, რომ ცუდად ვარ. დედა მიტირეს. ნებისმიერ რამეზე მოვაწერდი ხელს, ისეთ დღეში ჩამაგდესო. 2 საქმე დამიდეს. ერთში საუბარი იყო, რომ სამუდამო პატიმრობაზე უნდა წავსულიყავი და ამას არ გაკმარებთო. ვიცით, შენი შვილის შესახებ, სად დადის, გზაზე როდის გადადის, ვინმე გაიტანსო, იმას საპროცესოთო 6 თვეში გამოუშვებენ და ამ ყველაფერს შენ ციხეში გაყურებინებთო. ასევე მითხრეს ოჯახის სხვა წევრებზეცო. მე-2 ვარიანტი კი იყო, რომ დათა ახალაიაზე, ქარდავაზე, მაზმიშვილზე და სხვა ადამიანებზე ცრუ ჩვენება უნდა მიმეცა. ასე 8 წელს მოგისჯითო და გაცილებით ადრე გამოხვალო", - განაცხადა კობიაშვილმა.
მისივე თქმით, შალვა თათუხაშვილმა პროკურატურის 2 წარმომადგენელი - გილაური და დავით ძნელაშვილი დაასახელა, რომლებიც ამ ყველაფერში მონაწილეობდნენ. რაც შეეხება იმას, თუ როგორ გამოიყურებოდა შალვა თათუხაშვილი, კობიაშვილის თქმით, ცოტა სიარული უჭირდა და როცა გადაეხვია, ,,შალვა ცოტა შეიშმუშნა, არ ესიამოვნა“.
მისივე თქმით, თათუხაშვილმა უთხრა, რომ სპეციალურად დაუშვა შეცდომა და ჩვენებაში დაწერა, თითქოს სახლის ფანჯრიდან გადაიპარა, თუმცა სახლს უძრავი გისოსები აქვს.
რაც შეეხება ნავთლუღის სპეცოპერაციას, კობიაშვილის თქმით, მას შალვა თათუხაშვილმა უთხრა, რომ ამ სპეცოპერაციას თავად ატარებდა და ის პირები, ვის წინააღმდეგაც ჩვენება მიაცემინეს, ისინი შემდეგ მივიდნენ, თუმცა კობიაშვილის თქმით, მან სხვა დეტალები არ იცის.
ასევე მოწმის თქმით, შალვა თათუხაშვილის ძმამ ოჯახზე ზეწოლის გამო, ქვეყანა დატოვა და ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ წავიდა.
ბრალდების მხარემ მოწმეს ჰკითხა, რა ურთიერთობა აკავშირებდა მას ბაჩო ახალაიას ოჯახთან და იყო თუ არა ის ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრის აკაკი მინაშვილის მეუღლე. კობიაშვილის თქმით, ის ახალაიას ოჯახს იცნობს, თავად კი აკაკი მინაშვილის მეუღლეა.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ტერიტორიაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომელსაც 3 ახალგაზრდის ლიკვიდაცია მოჰყვა. აღნიშნულ საქმეში ბრალდებულებს ლევან ქარდავასა და გიორგი მაზმიშვილს ბრალად განზრახ მკვლელობა ედებათ. ამ საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებულია დათა ახალაია, რომლის განხილვა ცალკე ეპიზოდად მოხდება და მას ასევე გაზრახ მკვლელობა ედება ბრალად.
რაც შეეხება ბაჩო ახალაიას, საქმის ეპიზოდის მიხედვით, ახალაიასთვის ცნობილი გახდა თავის ძმის მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ და მათ მიერ მოფიქრებული პატიმრების მასობრივი გაქცევის ვერსიის გასამყარებლად, მეგის ქარდავასთან და სად-ის სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად, რუსთავის №1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაემართა, სადაც სასურველი ჩვენებების, კერძოდ, გაქცევის აღიარების მიღების მიზნით, სპეცოპერაციისას გარდაცვლილი შოთა გორგაძის ძმა გია გორგაძე და მასთან ერთად სხვა პირები სასტიკად აწამა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბაჩო ახალაიას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად. საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული მეგის ქარადავა კი მიმალვაშია.