როგორც ახალაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ბრალდების მხარეს მოწმეებად ის ადამიანები ჰყავს, ვინც ხალხს აუთოვებენ და “კანონიერ ქურდებს” პატივს სცემენ.
,,გაოცება მინდა გამოვხატო, თუ რატომ ვართ ასეთ დღეში. საზოგადოება შოკირებულია იმით, რომ იმერეთში ვიღაცას აუთოვებენ. სახელმწიფო კი პროკურატურის მეშვეობით ცდილობს, რომ საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ისინი - ხალხის დამაუთოვებლები უდანაშაულოები არიან და ჩვენ კი დამნაშავეები ვართ“,'- განაცხადა ახალაიამ.
მოსამართლემ მას პოლიტიკური განცხადებების კეთებისგან თავის შეკავება სთხოვა, თუმცა ბაჩო ახალაიამ განაცხადა, რომ ეს არ იყო პოლიტიკური განცხადება, არამდე საქმესთან ჰქონდა კავშირი.
„ადამიანი მოდის სასამართლოზე და ამბობს, რომ ქურდული სამყაროს ტრადიციების მიმდევარია და ამას უსმენს პროკურატურა და გახარებული ზის. შემდეგ კი სხვა მოწმე მოდის, რომელიც ამბობს სიმათლეს და ამ ხალხს აქედან გასვლის შემდეგ პროკურატურაში იბარებენ", - განაცხადა ახალაიამ.
მისივე თქმით, პროცესიდან გასული რამდენიმე ადამიანი მისცეს პასუხისგებაში, რადგან სიმართლე თქვა.
„დღევანდელ პროცესზე 5 მოწმე გვყავდა დაბარებული და მხოლოდ ერთი მოვიდა. სად წავიდნენ დანარჩენი - ზოგი დაიმალა, ზოგი გაქრა, ზოგი საზღვარგარეთ წავიდა. ვერ ვპოულობთ. ასევე მოწმეებთან ,,ძველი ბიჭების,, მიგზავნა დაიწყეს. ასე ეუბნებიან, არ გეყოთ, მათთან მუშაობა, ახლა კიდევ სასამართლოზე აპირებთ მისვლასო?!. ერთ-ერთი მოწმე იმედა ბედიანაშვილი - ხანშიშესული უბრალო მუშა კაცი, აქედან გასვლის შემდეგ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს", - განაცხადა ახალაიამ.
მისივე თქმით, პროკურატურა მთავარ მოწმეებად ხალხის დამაუთოვებლებსა და იმ ადამიანებს იყენებს, რომლებიც ამბობენ, რომ “კანონიერ ქურდებს” სცემენ პატივს.
აღნიშნულ განცხადებას პროკურორი გამოეხმაურა და დაცვის მხარის მოწმეებზე ყოველგვარი ზეწოლის განხორციელება უარყო.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ტერიტორიაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომელსაც 3 ახალგაზრდის ლიკვიდაცია მოჰყვა. აღნიშნულ საქმეში ბრალდებულებს ლევან ქარდავასა და გიორგი მაზმიშვილს ბრალად განზრახ მკვლელობა ედებათ. ამ საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებულია დათა ახალაია, რომლის განხილვა ცალკე ეპიზოდად მოხდება და მას ასევე გაზრახ მკვლელობა ედება ბრალად.
რაც შეეხება ბაჩო ახალაიას, საქმის ეპიზოდის მიხედვით, ახალაიასთვის ცნობილი გახდა თავის ძმის მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ და მათ მიერ მოფიქრებული პატიმრების მასობრივი გაქცევის ვერსიის გასამყარებლად, მეგის ქარდავასთან და სად-ის სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად, რუსთავის №1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაემართა, სადაც სასურველი ჩვენებების, კერძოდ, გაქცევის აღიარების მიღების მიზნით, სპეცოპერაციისას გარდაცვლილი შოთა გორგაძის ძმა გია გორგაძე და მასთან ერთად სხვა პირები სასტიკად აწამა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბაჩო ახალაიას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად. საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული მეგის ქარადავა კი მიმალვაშია.