როგორც მთავრობის სხდომიდან გამოსულმა ნარმანიამ განაცხადა, მერია წყალმომარაგებასთან დაკავშირებით ოლიმპიური სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.
მისივე თქმით, ამისთვის თანხა იმ ბიუჯეტში, რომელიც წინა მთავრობისგან დახვდა, გათვალისწინებული არ ყოფილა. ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებებით კი, სამუშაოების ჩატარებისთვის 10 მლნ ლარი გამოიყო.
„ვთხოვეთ საქართველოს მთავრობას გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერზე თანხმობა, რათა პროცესი სწრაფად დავიწყოთ. მივმართავთ ასევე კომპანიებს, რომლებსაც შესაბამისი ინტერესი აქვთ, თვალყური ადევნონ უახლოეს პერიოდში ტენდერის გამოცხადებას და შემოიტანონ წინადადებები. ჩვენ მაქსიმალურად ვიქნებით ორიენტირებული იმაზე, რომ შესაბამისი სამუშაოები სწრაფად და ხარისხიანად შესრულდეს და ის გაზაფხულამდე დავასრულოთ. გარდა ამისა, მეორე საკითხი, რომელიც მე გავიტანე, ეხებოდა მიუსაფართა თავშესაფარს. ჩვენ ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან გადმოვიბარეთ აღნიშნული პროექტი, რასაც თვითმმართველობის ახალი კოდექსი ითვალისწინებდა. ამ თავშესაფარზე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ. აქედან გამომდინარე, საპროექტო სამუშაოები, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეასრულა, გასულ კვირას გადმოგვეცა და შესაბამისად, მშენებლობისთვის გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს ჩვენ გამოვაცხადებთ, რათა სწრაფად დავიწყოთ შენება. მას შემდეგ, რაც ახალი თავშესაფარი აშენდება, ე.წ. „კარვების ქალაქი“ დაიხურება და იქ მყოფი ადამიანები ახალ თავშესაფარში გადავლენ“, - განაცხადა ნარმანიამ.
დედაქალქის მერმა ასევე სესხის აღების შესაძლებლობაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ თუ კი ოლიმპიადის მოსამზადებელი და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები უფრო მეტი ინტენსივობით წავა, მერიას შესაძლოა, ამის გამო სესხის სახით რამდენიმე მილიონი ლარის აღება მოუწიოს.
ნარმანიამ აღნიშნა, რომ ამის თადარიგი დედაქალაქის მთავრობამ წინასწარ დაიჭირა, რათა შემდგომ არ დაეკარგა დრო იმ პროცედურებზე, რაც გასავლელი იყო.