ამ ნაბიჯით ჩვენს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, - ასე შეაფასა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანმა აშშ-ის სენატში საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საკითხზე რეზოლუციის მიღება.
მისი თქმით, დოკუმენტის ძალაში შესვლამდე ჯერ მთელი რიგი პროცედურაა გასავლელი.
"ეს არის გამოხატულება აშშ-ის მიერ ჩვენი ქვეყნისადმი განსაკუთრებული ინტერესის. იმისთვის, რომ რეზოლუციამ საბოლოო სახე მიიღოს, კიდევ საკმაო პროცედურაა გასატარებელი, მათ შორის დოკუმენტი უნდა შევიდეს წარმომადგენლობით პალატაში, შემდეგ დაბრუნდეს ისევ სენატში, გადაეგზავნოს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას და მხოლოდ პრეზიდენტის მიერ მასზე ხელმოწერის შემთხვევაში გახდება მისი შესრულება სავალდებულო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი დროულად იქნება შესრულებული. ამ ნაბიჯით კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა", - განაცხადა ზალკალიანმა.
აშშ-ის სენატეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას აშშ-ის ნომერი პირველ პარტნიორად აღიარებს.