თსუ-ის რექტორს ლადო პაპავას იმედი აქვს, რომ თბილისის მერია აღნიშნული საკითხის უნივერსიტეტის სასარგებლოდ გადაწყვეტაში დაეხმარება.
“მივმართავ ქალაქის მერიას, მოიშველიეთ არგუმენტები არა იმისთვის, რომ უნივერსიტეტი დააკნინოთ, არამედ იმისთვის, რომ მას გვერდით დაუდგეთ. ეს ხომ თქვენი უნივერსიტეტია?! განსაკუთრებით ვიმედოვნებ, რომ ჩვენი პროფესორი დავით ნარმანია გულთან მიიტანს ამ საკითხს. არანაირად არ ჯდება საუნივერსიტეტო სივრცეში გაზგასამართი სადგური. გაიხსენონ, მსოფლიოს რომელ ქვეყანაში ნახავენ ამას”, - განაცხადა პაპავამ.
მისივე თქმით, საკითხი სამართლებრივ დავაში ვერ შევა, რადგან ტერიტორია, რომელზეც გაზგასამართი სადგური შენდება, უნივერსიტეტს არ ეკუთვნის.
“ეს არის წმინდა მორალური, ეთიკური საკითხი. ეს მხოლოდ ჩვენი პასუხიმგებლობა არ არის, არამედ იმ უნივერსიტეტელებისაც, რომლებიც დღეს მთავრობასა და მერიაში არიან. თუ ეს ასე არ იქნება, მათ პასუხისმგებლობის გაზიარება მოუხდებათ, რადგან გაზგასამართი სადგურის მშენებლობის გადაწყვეტილება დამაზიანებლია უნივერსიტეტისთვის და საფრთხის შემცველია სტუდენტებისა და პროფესორებისთვის”, - განაცხადა პაპავამ.