მთავრობამ პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში წარუდგინა. 131-გვერდიანი დოკუმენტი, სადაც საუბარია მთავრობის პროგრამის "ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის" შესრულების შესახებ, კანონმდებლებს გასულ კვირას წარედგინათ.
ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება დოკუმენტის განხილვა, ან საერთოდ განიხილავს თუ არა მას პარლამენტი, რადგან ეს რეგლამენტით სავალდებულო არ არის.
რეგლამენტის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრი ვალდებულია პარლამენტს წელიწადში ერთხელ, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომების პირველივე კვირაში წარუდგინოს ანგარიში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, თუმცა მისი განხილვის ვალდებულების თაობაზე კანონში არაფერი წერია. წინა პარლამენტებში არსებობდა პრაქტიკა, როდესაც ბიუროს გადაწყვეტილებით, ასეთი დოკუმენტები პარლამენტის კომიტეტებსა და სესიაზე გადიოდა და მას პარლამენტს თავად პრემიერ-მინისტრი აცნობდა.