გარემოს დაცვის კომიტეტი რაჭის ტყეებში ფირმა

გარემოს დაცვის კომიტეტი რაჭის ტყეებში ფირმა "ატუს" საქმიანობით დაინტერესდება

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი რაჭის ტყეებში ფირმა "ატუს" საქმიანობით დაინტერესდება. კომიტეტი გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართავს შეისწავლოს რამდენად კანონით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს ფირმა "ატუ" ჭრებს რაჭის ტყეებში.

შესაბამისი განცხადება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ცაგარეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც "ატუს" თემაზე უმცირესობამ გაამახვილა ყურადღება.

"არსებობს ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ფირმა "ატუ"-ს მიერ რაჭის ტყეებში დიდი მასშტაბით განხორციელებული ჭრების შესახებ. ამ ფირმას ჭრების ლიცენზია ადრეც ჰქონდა, სრულიად კანონიერი. ცნობილია, რომ ჭრების მოცულობა, რომელიც ნებადართულია ამ ფირმისათვის, გაიზარდა. ისმის კითხვა, საერთო ჯამში რამდენად კანონიერია ასეთი მასშტაბური ჭრების განხორციელება და რამდენად შეესაბამება იმ შესაძლებლობებს, რაც აქვს რაჭის ტყეებს, რომელსაც შევარდნაძის დროს დიდი ზიანი მიადგა უკანონო ჭრებისა და ტყის მასალის კონტრაბანდულ ექსპორტზე გატანის შედეგად", - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა, რომლის თქმით, "რაჭის ადგილობრივ მოსახლეობას "ატუს" საქმიანობა აღელვებს".

პასუხად გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ ფირმა "ატუს" მიერ განხორციელებულ ჭრებთან დაკავშირებით დაინტერესდება.

"რაჭაში "ატუს" გარდა ნებართვები გაცემულია სხვა ლიცენზიანტებზეც - ზოგი იყო მოკლევადიანი, ზოგი - გრძელვადიანი ლიცენზია. თუ ამ ადამიანებმა, მნიშვნელობა არა აქვს, არის "ატუ" თუ სხვა კომპანია, გარემოსდაცვითი კანონმდებლობა დაარღვიეს, გპირდებით, ის აგებს პასუხს. რადგან თქვენი მოთხოვნაა, ხვალვე მივმართავ შესაბამისს უწყებასს და მოვითხოვთ, ამ მიმართულებით შემოწმებას. შემოწმების მასალებს გადმოგცემთ თქვენ. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მაგრამ არა მგონია ადგილი ჰქონდეს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის უხეშ დარღვევას", - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.