შოტლანდიაში უკვე მიმდინარეობს რეფერენდუმი, რომლის მონაწილეებმაც უნდა განსაზღვრონ, დარჩება თუ არა შოტლანდია გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში , თუ გახდება დამოუკიდებელი ქვეყანა.
შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის მონაწილეებმა დადებითი ან უარყოფითი პასუხი უნდა გასცენ კითხვას - "უნდა იყოს თუ არა შოტლანდია დამოუკიდებელი".
"ბიბისის" ცნობით, რეფერენდუმში 4 285 323 ადამიანი დარეგისტრირდა, რაც ელექტორატის 97%-ია.
ხმის მიცემისთვის შოტლანდიაში 2 608 უბანია გახსნილი, რომელიც ადგილობრივი დროით დილის 7:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე იმუშავებს. არსებული ინფორმაციით, რეფერენდუმის შედეგები 19 სექტემბერს, დილით გახდება ცნობილი.
რეფერენდუმის გამართავამდე ერთი დღით ადრე კი, სამი ახალი გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა, რომელთა თანახმადაც, შოტლანდიის დამოუკიდებლობას გამოკითხულთა 48% უჭერს მხარს, 52% კი - წინააღმდეგია.
შოტლანდიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებაზე თანხმობას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა და შოტლანდიის პირველმა მინისტრმა 2012 წლის ოქტომბერში მოაწერეს ხელი.
თუ რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლესობა დადებით პასუხს გასცემს შოტლანდიის დამოუკიდებლობას, მაშინ 2016 წლის 24 მარტს შოტლანდია გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გამოვა.
ამასთან, რეფერენდუმამდე ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს ბრიტანეთის სამი მთავარი პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა. როგორც პრემიერ დევიდ ქემერონის, ასევე, ედ მილიბენდისა და ნიკ კლეგის ერთობლივ მიმართვაშია აღნიშნული, შოტლანდია უფრო მეტ ავტონომიას მიიღებს, თუ გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩება.
როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ ქემერონმა განაცხადა, შოტლანდიის დამოუკიდებლობის შემთხვევაში, არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა დიდმა ბრიტანეთმა, როგორც ერთიანმა სახელმწიფომ, არსებობა შეწყვიტოს.
"პარასაკევს, შესაძლოა, ადამიანებმა ახალ ქვეყანაში გაიღვიძონ, რომელთა წინაშე სხვა მომავალი იქნება. ამიტომ ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა შევიგნოთ, რომ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არებობს და სიტუაციის გადათამაშება შეუძლებელი იქნება", - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.