მოქალაქის პორტალის (MY.GOV.GE) გამოყენებით, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ არის შექმნილი, შესაძლებელია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვა და პასუხის ონლაინ რეჟიმშივე მიღება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია იმ სახელმწიფო უწყებებიდან, რომლებიც ჩართულნი არიან საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში.
აღნიშნული სერვისის არსებობა საგრძნობლად ამარტივებს მოქალაქესა და სახელმწიფო სტრუქტურას შორის კომუნიკაციის პროცესს, რაც ღია მმართველობის ინიციატივის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია.
ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა აქვს შეკითხვით მიმართოს ამა თუ იმ სახელმწიფო უწყებას, დააფიქსიროს შენიშვნა ან პრეტენზია ან გამოითხოვოს ამ სახელმწიფო უწყებაში არსებული საჯარო ინფორმაცია. მომსახურებით სარგებლობისთვის მოქალაქემ რეგისტრაცია უნდა გაიაროს მოქალაქის პორტალზე (www.my.gov.ge), შევიდეს პერსონალურ გვერდზე, შეარჩიოს შესაბამისი მომსახურება, არსებული სიიდან მონიშნოს მისთვის საინტერესო სახელმწიფო დაწესებულება და მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად. სახელმწიფო უწყება ვალდებულია კანონით გათვალისწინებულ ვადაში ონლაინ რეჟიმში დაუბრუნოს პასუხი მოქალაქეს.
მოქალაქის პორტალი MY.GOV.GE წარმოადგენს ონლაინ რესურსს, რომელშიც თავმოყრილია სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების ელექტრონული სერვისები. მომხმარებელს საშუალებას აქვს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში, რამდენიმე მარტივი კომბინაციის განხორციელებით ისარგებლოს სახელმწიფო სტრუქტურების ელექტრონული სერვისებით და მნიშვნელოვნად დაზოგოს როგორც დროითი, ისე ფინანსური რესურსები.
მოქალაქის პორტალით MY.GOV.GE სარგებლობისთვის მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს როგორც ახალი პირადობის მოწმობა, ისე მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომლის დარეგისტრირებაც ერთჯერადი პროცედურის გავლით იუსტიციის სახლებშია შესაძლებელი.
მოქალაქის პორტალზე მომხმარებელი რამდენიმე მარტივი კომბინაციის განხორციელებით მიიღებს სხვადასხვა სახის მომსახურებას - იქნება ეს პიროვნებასთან (პასპორტი, სხვადასხვა სახის მოწმობები, გვართან დაკავშირებული საინტერესო ინფორმაცია), ქონებასთან, სოციალურ მომსახურებასთან, ჯანდაცვასთან ან ბიზნესის წამოწყებასთან დაკავშირებული პროცედურები თუ კომუნალური, სხვადასხვა სახის ჯარიმებისა და სხვა გადასახდელების გადახდა.
მოქალაქის პორტალზე ყველა ელექტრონული სერვისი შესაბამისი კატეგორიების მიხედვითაა დალაგებული, რაც ამარტივებს სასურველის არჩევას. მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა აქვს მისთვის საჭირო ყველა ის მომსახურება, რომელსაც ხშირად იყენებს, საკუთარი შეხედულებისამებრ განათავსოვს პირად გვერდზე. დღეისათვის პორტალზე განთავსებულია 70-ზე მეტი ელექტრონული მომსახურება.