ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ხაზგასმით განმარტავს, რომ უწყება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თსუ-ის განვითარებაზე განსაკუთრებით ზრუნავს.
“სამინისტრომ მარტო 2014 წლის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სარგებლობის უფლებით რვა სახელმწიფო ქონება გადასცა. კერძოდ, ეს ქონებები მდებარეობს ჭავჭავაძის 11-სა და 19-ში, მცხეთა-მუხათგვერდის გზატკეცილზე, ბაგებში, წყნეთის გზატკეცილზე, კოსტავას 5-ში, ქიქოძის 14-ში, ზანდუკელის 16-ში, ინგოროყვას 8-სა და ვაჟა-ფშაველას 42-ში.
სამწუხაროდ, დღეს გაკეთებულ განცხადებაში თსუ-ის რექტორი ვლადიმერ პაპავა არაფერს ამბობს იმ ხელშეწყობაზე, რომელსაც მისი უწყება საქართველოს მთავრობისგან იღებს.
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მიერ დღეს გავრცელდა განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კუთვნილი ქონების გასხვისებამ ტრადიციული სახე მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მან შესაძლოა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე 2000 კვ.მ. არასასოფლო-დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 01.14.06.006.026) წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთარებას და არ ეკუთვნოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს.
აღნიშნული ტერიტორია მდებარეობს თსუ-ის კუთვნილი შენობიდან დაახლობით 200 მ-ის დაშორებით. მიწის ნაკვეთი ასევე საკმაო მანძილითაა დაშორებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებიდან.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ აღნიშნული ქონება პირობებიანი ელექტრონული აუქციონის ფორმით 2013 წლის 15 ოქტომბერს 1,02 მილიონ ლარად გაასხვისა 1,5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებით”, - აღნიშნულია განცხადებაში.