მიხეილ სააკაშვილის მიერ დაწყებული საქმის დამთავრება თურმე მომაკვდინებელი ცოდვა არ არის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ პრემიერ-მინისტრის მიერ სოფელ გორდში, ვიზიტორთა ცენტრის გახსნაზე საუბრისას განაცხადა. ბობოხიძე იმედოვნებს, რომ ივანიშვილი ღარიბაშვილს მიშისტობას არ დაწამებს.
"სოფელ გორდში რამდენიმე დღის წინ გაიხსნა ერთი ძალიან კარგი და სერიოზული ტურისტული ობიექტი. მიმაჩნია, რომ ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ რა კარგი შედეგი მოყვება, როდესაც ახალი ხელისუფლება აგრძელებს წინა ხელისუფლების მიერ დაწყებულ საქმეს და არ აჩერებს შუა გზაში. მიხეილ სააკაშვილის მიერ დაწყებული საქმის დამთავრება თურმე არ არის მომაკვდინებელი ცოდვა და იმედი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს არ დასწამებს მიშისტობას. კარგი იქნება თუ ხელისუფლება ისარგებლებს იმით რაც უკვე არსებობს და გამოვა იმ ყმაწვილური სენიდან, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეკარონ იმ საქმეებს, რომლებიც დაწყებული იყო წინა ხელისუფლების დროს", - განაცხადა ბობოხიძემ.
მანვე ისაუბრა სოფლებში გაზიფიცირების პრობლემაზე და ენერგეტიკის სამინისტროდან მოითხოვა კონკრეტული გეგმა თუ როგორ აპირებს ხელისუფლება 2017 წლამდე სოფლების გაზიფირებას.
"უამრავ სოფელში, ხონში და წყალტუბოში, შესულია გაზი და 3-4 წელი ელოდებიან შიდა ქსელების მოწყობას. გაცილებით დიდი უბედურებაა, რომ პატარა ჯიხაიშში და გოჩა ჯიხაიშში, სადაც შიდა ქსელი მთლიანად გაკეთებულია, თუმცა 2 წელია ჭიშკრიდან სახლამდე გაზის შეყვანას ვერ მოაბეს თავი. რამდენადაც მე ვიცი, ასეთივე მდგომარეობაშია მთლიანად ვანის რაიონი. ვანის რაიონში ქსელის მოწყობა 2012 წლის ბოლოსთვის მთლიანად დამთავრებული იყო, ადამიანები იხდიან ფულს, მაგრამ ვერ მოხერხდა სამუშაო ჯგუფების შექმნა, რომლებიც ჭიშკრიდან სახლამდე მიიყვანდნენ გაზს", - აღნიშნა ბობოხიძემ.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლების დროს გაკეთდა თანამედროვე მეურნეობები, თუმცა ახლა გაჩერებულია.
"სოფლის მეურნოების მინისტრს მინდა მივმართო, რომ შეისწავლოს ეს საკითხი. თავის დროზე ჩვენ შევქმენით სახელმწიფო კორპორაცია სოფლის მეურნეობაში, რომელმაც გააკეთა საცდელი საჩვენებელი სადგურები წეროვანში, გორში, ხაშურთან ახლოს, დიდი ჯიხაიშში. ეს არის ბრწყინვალედ მოწყობილი მეურნეობები წვეთოვანი სისტემებით, სარწყავი სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიებით, თუმცა 2 წელია ტყუილად დგას და არ მუშაობს. დევნილების 250 ოჯახი იყო დასაქმებული ამ პროექტში დიდ ჯიხაიშში. რატომ ვაჩერებთ ამ პროექტებს? გადავცეთ ან ვაჩუქოთ, ან გრძელვადიანი სესხის სახით მაინც გავუფორმოთ ადამიანებს, ვინც აამუშავებენ ამ გაჩერებულ მეურნეობებს", - განაცხადა ბობოხიძემ.