უკვე რამდენიმე დღეა საყდრისის მცველებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს. ნინო მიქიაშვილი და "პატრიოტთა ალიანსი" საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებს დაუპირისპირდნენ.
ვინ საიდან ფინანსდება, რომელი პოლიტიკური ძალა დგას საყდრისის მცველების უკან და ვის ეკუთვნის კარვები და კარვების გასაშლელი ადგილი - ერთ დროს თანამებრძოლების დისკუსიის თემა სწორედ ეს საკითხები გახდა.
ყველაფერი კი მედიაკავშირ "ობიექტივის" კორესპონდენტის, ნინო მიქიაშვილის ორშაბათს გავრცელებული განცხადებით დაიწყო. მან საყდრისის გადარჩენის კომიტეტი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებმა საზოგადოება შეცდომაში შეუყვანეს. მიქიაშვილის თქმით, კომიტეტის წევრების განცხადება, მასთან არ ყოფილა შეთანხმებული. აღნიშნა ისიც, რომ საყდრისის მცველებს შეუერთდა პოლიტიკური პარტია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრები.
პრსკონფერენციაზე მიქიაშვილმა საყდრისის გადარჩენის კომიტეტის დაფინანსებაზეც ისაუბრა. ჩამონათვალში მოხვდა დენის თანხა და 10 ლარიანი მონოს ბარათებიც:
"14 სექტემბერს კარვების აქციის დაწყებიდან 5 თვე შესრულდა. შემოწირულობის მორიგი ჩამონათვალი ჩემს პირად გვერდზეა გამოქვეყნებული. ეს შემოწირულობა ჩვენმა მეგობრებმა, ახლობლებმა, სრულიად უცნობმა ადამიანებმა გაიღეს საყდრისში მიმდინარე კარვების აქციისთვის. ჩვენ, მე და ირაკლი ლომიძე სწორედ ამ შემოწირულობით ვარსებობთ. ამ თანხას საერთო არაფერი აქვს საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის ფინანსებთან და არც სხვა რომელიმე ორგანიზაციასთან.
რაც შეეხება კომიტეტის ფინანსებს მათ ცალკე ანგარიში აქვთ. რომელზეც ჩარიცხული და დარიცხული თანხის ირგვლივ მე და ირაკლი ლომიძემ ვიცით მხოლოდ შემდეგი: ზაფხულის დასაწყისში კარვების აქციისთვის მხოლოდ 2-ჯერ გამოგზავნეს რამდენიმე დღის საკვები. ერთხელ გადაიხადეს დენის ფული, დაახლოებით 30 ლარამდე, გამოგვიგზავნეს მაცივარი, რომელშიც 100 ლარი გადაიხადეს, მაგრამ ეს მაცივარი ვერ ავამუშავეთ, რადგან დევნის მავთული რომელიც კომიტეტის მიერ არის შეძენილი იმდენად სუსტია, რომ მაცივარს ვერ ვრთავთ. ასევე კომიტეტმა ირაკლი ლომიძეს ტელეფონზე ჩაურიცხა 30 ლარი, ხოლო გაიოზ მეხვრიშვილს 10 ლარი."
მამალაძე აცხადებს, რომ ბრძოლის გადატანას სამართლებრივ სივრცეში აპირებენ, თუმცა, არც იმას უარყოფს, რომ აქციის შეწყვეტის ერთ-ერთი არგუმენტი დაფინანსების შეწყვეტაც გახდა.
"უახლოეს დღეებში, საყდრისის საკითხზე თბილისში სასამართლო პროცესები უნდა დაიწყოს, გარდა ამისა, კომიტეტს აღარ აქვს უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისგან გამოგზავნილი თანხები, რომლითაც კარავში მყოფ აქციის მონაწილეებს საკვებისა და სამგზავრო ხარჯები უნაზღაურდებოდა და მესამე, არსებობს საფრთხე, რომ საყდრისის გადასარჩენად საზოგადოებრივ საწყისებზე დაწყებული მოძრაობა პოლიტიკური შეფერილობის გახდეს, რადგან ბოლო პერიოდში, ამ მხრივ, განსაკუთრებით გააქტიურდნენ "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები." _ აცხადებს ირაკლი მამალაძე.
კამათში "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილის ჩაერთო:
"ნინო მიქიაშვილი საჯაროდ აქვეყნებს შემომწირველთა ვინაობას და შემოწირული თანხის რაოდენობას. დიდი ხანია საყდრისის ირგვლივ ყველაფერი არეულია. სამწუხარო ისაა, რომ ზოგიერთი "მცველი" მოგვიანებით, კომპანია "RMG"-ს მეგობრად იქცა. ერთად დროს ატარებდნენ, ქეიფობდნენ და ფოტოებსაც იღებდნენ. აი, ეს როგორ და რატომ მოხდა, ესაა უფრო საინტერესო..." - წერს ინაშვილი სოციალურ ქსელში. ინაშვილი არ უარყოფს იმას, რომ მისი პარტია პროცესში აქტიურად იყო ჩართული:
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" საყდრისის თემის წამოწევისთანავე აქტიურად ეწეოდა საყდრისის გადარჩენისათვის საჭირო საქმიანობას, რასაც ახლაც და მომავალშიც გავაგრძელებთ. თუ თქვენ გსურთ ჩვენი ჩამოცილება საყდრისის გადარჩენის პროცესიდან, ეს ძალიან სასაცილო და ბრიყვული მიზანია, რადგან რაც მეტი ადამიანი, მოძრაობა, პარტია, თუ სახელმწიფო სტრუქტურა დაიცავს საყდრისს, გააშუქებს ამ უმწვავეს პრობლემას და იზრუნებს ჩვენი მემკვიდრეობის დაცვაზე, მით უკეთესი.
...მეტიც, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ საყდრისის სატკივარის შესახებ ფართო საზოგადოებას სწორედ ჩვენ, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრები ვაწვდიდით დეტალურ ინფორმაციას. მომავალშიც სერიოზული მოქმედებები გვაქვს დაგეგმილი, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. არავითარი პოლიტიზირება შუაში არ არის." _ წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.
საყდრისის მცველებს შორის დისკუსიის თემად იქცა ერთ-ერთი მეუფის მიერ შემოწირული კარვები და საკარვე ადგილიც.
ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან საუბრისას ირაკლი მამალაძე აცხადებს:
"მეუფემ კარვები "დავითიანს" შემოწირა და არა ნინო მიქიაშვილსა და ირაკლი ლომიძეს ან რომელიმე კონკრეტულ პირს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ "პატრიოტთა ალიანსს" სურდა საყდრისის თემაზე რაღაცის გაპროტესტება, შეეძლოთ სხვაგან გაეშალათ კარვები. არ უნდა დაეკავებინათ ჩვენი ტერიტორია, რომელიც 19 აპრილს ძალიან დიდი ბრძოლისა შედეგად მოვიპოვეთ. დღეს, ეს ტერიტორია "პატრიოტთა ალიანსმა" დაიკავა. მე ვფიქრობ, პატრიოტთა ალიანსის მიერ გადგმული ნაბიჯი უზნეობაა."
საყდრისის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ფართო დისკუსია მოყვა სოციალურ ქსელშიც.