საგარეო უწყება მიხეილ სააკაშვილის სახელზე შესულ წერილს და შემდეგ შესწორებულ ვარიანტსაც აქვეყნებს

საგარეო უწყება მიხეილ სააკაშვილის სახელზე შესულ წერილს და შემდეგ შესწორებულ ვარიანტსაც აქვეყნებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო არ უარყოფს, რომ გიორგი მარგველაშვილის სახელზე შემოსული წერილი ასევე 25 თებერვლითაა დათარიღებული.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შესწორებული ვარიანტი გაერო-ში საქართველოს წარმომადგენლობაში 30 მაისს შევიდა, 5 ივნისს კი აღნიშნული წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადაეგზავნა. ფანჯიკიძის უწყება აღნიშნავს, რომ დოკუმენტებს საზოგადოების მხრიდან არსებული მაღალი ინტერესის გათვალისწინებით ასაჯაროვებენ.

“ვასაჯაროებთ მიმდინარე წლის 14 მარტს გაერო-ს სამდივნოს მიერ გაერო-ში საქართველოს წარმომადგენლობაში გაგზავნილ მოსაწვევს, კლიმატის ცვლილების შესახებ სამიტზე დასასწრებად, სადაც შეცდომით იყო მითითებული ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. თავად  მოსაწვევი დათარიღებულია 25 თებერვალით,  სპეციალური შტამპი კი მიუთითებს, რომ ის საქართველოს მისიაში 14 მარტსაა შემოსული. გაერო-ში საქართველოს წარმომადგენლობამ მიმართა გაერო-ს სამდივნოს შეესწორებინა შეცდომა, რის შემდეგაც სამდივნომ გამოაგზავნა ხელახალი მოწვევა, ამჯერად პრეზიდენტ მარგველაშვილის სახელზე, ეს წერილიც დათარიღებულია 25 თებერვლით და შესწორებული ვერსია საქართველოს მისიაში შემოვიდა 30 მაისს, 5 ივნისს კი უკვე გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.