შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის გივი თარგამაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
“ერთ-ერთმა დეპუტატმა განაცხადა, რომ კანონიერი ქურდი - ზედმეტსახელად „ცანციკა“, ანუ ფრიდონ ბარკალაია სენაკში იმყოფება და მოგვიწოდა, რომ დავაკავოთ. მინდა განვმარტო, რომ აღნიშნული პირი არ არის კანონიერი ქურდი. ის 77 წლისაა და მთელი ცხოვრება სენაკში ცხოვრობს. რატომ შეჰყავს შეცდომაში დეპუტატს მოსახლეობა პარლამენტის ტრიბუნიდან?!”, - განაცხადა გიორგობიანმა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა შინაგან საქმეთა სამინისტროს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა, დააკავოს ე.წ. კანონიერი ქურდი - ფრიდონ ბარკალაია მეტსახელად "ცანციკა", რომელიც თარგამაძის ინფორმაციით, ახლა სენაკში იმყოფება.
"არსებობს 38 წელს დაბადებული კანონიერი ქურდი ფრიდონ ბარკალაია, რომელიც ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის დღიდან, ინტენსიურად მოძრაობს საქართველოში, თავისუფლად შემოდის და გადის ქვეყნიდან. ის იმყოფება სენაკში. მისი მეტსახელია "ცანციკა", - განაცხადა თარგამაძემ.