პრეზიდენტის ადმინისტრაცია დავით ზალკალიანის განცხადებას კატეგორიულად უარყოფს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია დავით ზალკალიანის განცხადებას კატეგორიულად უარყოფს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის განცხადებას ეხმაურება და კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას , რომ აშშ-ში გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური შეხვედრების დაგეგმვა ცალკეული უწყებების გვერდის ავლით ხდებოდა.

როგორც ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს ზალკალიანის განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა, ფინანსთა და სხვა შესაბამისი სამინისტროები როგორც მსოფლიო ბანკის პრეზიდენტთან, ისე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან დაგეგმილი შეხვედრების შესახებ ინფორმირებული იყო.

"საქართველოს პრეზიდენტს 26 სექტემბერს ვაშინგტონში დადასტურებულად დანიშნული ჰქონდა შეხვედრა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ დოქტორ კინთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან, ქალბატონ ლუგართან. აღნიშნულთან დაკავშირებით მე მქონდა კომუნიკაცია შესაბამისი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან. ამავე დროს, აღნიშნულის თაობაზე როგორც ფინანსთა სამინისტრო, ისე ყველა შესაბამისი უწყება იყო ინფორმირებული. მეტიც, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს ვთხოვე მოეწონებინათ ინფორმაცია საქართველოს ურთიერთობების შესახებ მსოფლიო ბანკთან შესაბამის სტრატეგიულ მიმართულებებზე. ეკონომიკის სამინისტრომ მომაწოდა კიდეც შესაბამისი ინფორმაცია, ფინანსთა სამინისტრომ კი დამიდასტურა, რომ ინფორმაციას მივიღებდით, თუმცა შეხვედრის გაუქმების შემდეგ მე ვაცნობე ამ უწყებას, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაცია აქტუალური აღარ იყო", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია აშშ-ში გიორგი მარგველაშვილის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრების დაგეგმვას და მომზადებას როგორც საგარეო, ისე სხვა შესაბამისი უწყების, მათ შორის ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე ცდილობდა.