გივი თარგამაძე შსს-ს მოუწოდებს

გივი თარგამაძე შსს-ს მოუწოდებს "ცანციკა" დააკაოს

ოპოზიციონერი დეპუტატი გივი თარგამაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, დააკავოს ე.წ. კანონიერი ქურდი - ფრიდონ ბარკალაია მეტსახელად "ცანციკა". თარგამაძის ინფორმაციით, "ცანციკა" ახლა სენაკში იმყოფება.

შესაბამისი განცხადება შსს-ს მისამართით თარგამაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

"არსებობს 38 წელს დაბადებული კანონიერი ქურდი ფრიდონ ბარკალაია, რომელიც ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის დღიდან, ინტენსიურად მოძრაობს საქართველოში, თავისუფლად შემოდის და გადის ქვეყნიდან. ის იმყოფება სენაკში. მისი მეტსახელია "ცანციკა". კეთილი ინებოს პოლიციამ, მოძებნოს "ცანციკა" სენაკში და დააკავოს, მაგრამ ლუდის დალევაზე კი არ დააკავოს, დააკავოს იმაზე, რისთვისაც არის დასაკავებელი", - განაცხადა თარგამაძემ, რომელიც მზად არის, საქართველოში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებზე და მათ მფარველებზე ხელისუფლებას ინფორმაცია მიაწოდოს.

ამასთან, დეპუტატმა უმცირესობის სახელით პარლამენტში კიდევ ერთხელ მიიწვია შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და პირობა დადო, რომ "მას არ დასცინებენ ისე, როგორც უმრავლესობის წევრებმა დასცინეს".