როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, გიორგი მარგველაშვილთან კომუნიკაცია შუამავლების მეშვეობით ხდებოდა.
რაც შეეხება იმას, რომ გაერო-ს მხრიდან თავდაპირველად წერილი მიხეილ სააკაშვილის სახელზე გამოიგზავნა, დავით ზაკლალიანის თქმით, გიორგი მარგველაშვილს გაერო-ს გენერალური მდივნის მისალოცი წერილი აქვს მიღებული და ინაუგურაციაზე გაერო-ს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
“შეიძლება დაგვადანაშაულოთ, თუ რატომ არ იყო ცნობილი ეს. პრეზინდეტ მარგველაშვილს გაერო-ს გენერალური მდივნის მისალოცი წერილი აქვს მიღებული, როდესაც მისი ინაუგურაცია იყო, როდესაც ჩვენ ინაუგურაციაზე უცხოელი სტუმრები მოვიწვიეთ, გაერო-ს წარმომადგენლებიც იყვნენ და ესწრებოდნენ და საგარეო უწყების დადანაშაულება იმაში, რომ ჩვენ გაერო-ს არ ვაცნობეთ, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია, ეს არის აბსურდი და კატეგორიულად მიუღებელი არგუმენტი”, - განაცხადა ზალკალიანმა და დასძინა, რომ ამის შემდეგ მისიამ გაერო-ს სამდივნოს მიმართა, რათა შეცდომის გასწორება მომხდარიყო
მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ზეპირი კომუნიკაცია მიმდინარეობდა და პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში მრჩეველს თენგიზ ფხალაძეს სიტუაცია არაერთხელ განემარტა.
“როდესაც ამდენი გამოწვევა აქვს ქვეყანას და ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვიღაცის ახირებისა და გაჯიუტების გამო, არ შედგეს შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან”, - განაცხადა ზალკალიანმა
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კატეგორიულად უარყო ის განცხადებები, რომ თითქოს პრეზიდენტის ვიზიტის ჩაშლაში დამნაშავე საგარეო უწყებაა.
“როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროს მისამართით ხელის გამოშვერა და ჩვენი დადანაშაულება ხდება, რომ ვიზიტი ჩვენს მიერაა ჩაშლილი, ეს კატეგორიულად მიუღებელია და უპასუხიმგებლო განცხადებაა. ეს არის არაკომპეტენტურობის გამოვლინება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში
მომუშავე ადამიანებისა, რომლებიც მისი საგარეო ვიზიტების დაგეგმვაზე მუშაობენ. არ შეიძლება ვიზიტის დაგეგმვა საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდის ავლით. როდესაც აშშ-ში მიდიხარ და ხელში გაქვს მხოლოდ ერთი შეხვედრა და ბოლოს იწყებ ზრუნვას, რითი დატვირთო დანარჩენი შეხვედრები, მიხვალ იმ შედეგემადე, რა შედეგიც ჩვენ მივიღეთ. როდესაც მსოფლიო ბანკთან და სავალუტო ფონდთან საგარეო საქმეთა სამინისტოსა და უფრო მეტიც, ფინანსთა სამინისტროს გვერდის ავლით, რომელიც მთავარი კომუნიკატორია საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის, მათი გვერდის ავლით მიდიხარ და იბარებ მის წარმომადგენელს საქართველოში და ეუბნები, რომ ვიზიტის ორგანიზებაში დამეხმარე, ეს არაკომპეტენტურობის გამოვლინებაა, რომელიც ჩვენს იმიჯს ძალიან დიდ ზიანს აყენებს. მე ვამბობდი, საგარეო საქმეთა სამინისტო არ მუშაობდა პრეზიდენტის ვიზიტზე, საგარეო საქმეთა სამინისტრო პრემიერიც ვიზიტზე მუშაობდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ ჩავშლიდით. სად არის ლოგიკა, გამაგებინეთ. ჩვენ ვერ ჩავშლიდით ამ ვიზიტს გამორიცხულია და თუ რატომ ჩაიშალა, ჰკითხეთ ბატონ თენგიზ ფხალაძეს. მან ეს ძალიან კარგად იცის. ვიზიტი შედგება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არის ორივე მხარის თანხმობა. ერთია შენი სურვილი, რომ გაემგზავრო და მეორეა სურვილი მიმღები მხარისა, რომ მიგიღოს. მე მეტს არაფერს ვიტყვი, რადგან ჩვენი ქვეყნის ინტერესი არ დავაზიანო. დანარჩენი ჰკითხეთ ფხალაძეს”, - განაცხადა ზალკალიანმა
“ძალიან რთულია ეს კომუნიკაცია. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სამწუხაროდ, კომუნიკაცია ე.წ. შუამავლების მეშვეობით გვქონდა - ამ შემთხვევაში ეს თენგიზ ფხალაძე იყო. ეს არის რეალობა და სინამდვილე. როდესაც პრეზიდენტი არ ელაპარაკება საგარეო საქმეთა მინისტრს, ეს ყოვლად დაუშვებელი და წარმოუდგენელია”, - დასძინა ზალკალიანმა