ირაკლი ალასანიას ვაჟმა ფიცი დადო

ირაკლი ალასანიას ვაჟმა ფიცი დადო

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 72 სამხედრო მოსამსახურე შეემატა, მათ შორის არის თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ვაჟი ნიკა ალასანია. ფიცის დადების ცერემონიალი ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში" გაიმართა. თავდაცვის მინისტრი მეუღლესთან ერთად ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო. როგორც ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ განუცხადა, მისი შვილის გადაწყვეტილება სამხედრო სამსახურის თაობაზე ლოგიკური იყო.

"ნიკა უკვე შეირაღებული ძალების დიდი ოჯახის ნაწილი გახდა. იმ 72 ბიჭთან ერთად ვინც დღეს ფიცი დადო და აქ თვისობრივად ახალი ცხოვრება დაიწყო, განსხვავებული ცხოვრება. ბევრს შეიძენს ამ ერთი წლის განმავლობაში სავალდებულო სამსახურში. გამიხარდა, რომ მან ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო. ისეთი ბაბუები ჰყავდა, რომ ეს გადაწყვეტილება ლოგიკური იყო. დანარჩენს ვნახავთ, როგორც მეუბნებიან, კარგად ჩააბარა. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ რამეს მიიღებს შეიარაღებულ ძალებში სამსახურიდან", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ნათია ფანჯიკიძის განცხადებით კი, ნიკა ალასანიამ გადაწყვეტილება თავად მიიღო.

"ეს ჩემი შვილის გადაწყვეტილება იყო, ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ჩვენს ოჯახში ძალადობას ადგილი არ აქვს. იმდენად მე მგავს და არ არის მამასავით ჯარისკაცული ტიპაჟი, მე ვფიქრობდი, რომ ეს იგივეა - მე წამიყვანონ ჯარში. მაგრამ ძალიან მაღალი იუმორის გრძნობა აქვს და ხალისით მოდიოდა და უხაროდა ეს თავგადასავალი", - განაცხადა ნათია ფანჯიკიძემ.

წვევანდელებმა საწყისი საბრძოლო მომზადება სამი კვირის განმავლობაში ეროვნულ სასწავლო ცენტრში გაიარეს. ამ ხნის განმავლობაში მათ ტოპოგრაფია, საცეცხლე მომზადება, სამხედრო წესდება და ტაქტიკა შეისწავლეს. კურსის დასრულების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეები "კრწანისის" დაცვის ასეულში ჩაირიცხებიან და ერთი წლის განმავლობაში ბაზის დაცვის ფუნქციებს შეასრულებენ.

ფიცის დადების ცერემონიას სამხედრო მოსამსახურეების მშობლები და ნათესავები დაესწრნენ. ღონისძიების ბოლოს გამოფენა გაიმართა, სადაც მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ სასწავლო ცენტრის სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა დაეთვალიერებინათ.