საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი “რუსთავი 2”-ის ეთერში ტელეკომპანიის მიერ გასაჯაროვებულ მიმოწერას გამოეხმაურა.
მინისტრის მოადგილემ ბოდიში მოუხადა საზოგადოებას იმის გამო, რომ ამ თემაზე საუბარი გამუდმებით მიმდინარეობს.
“ნამდვილად არ გვეგონა, რომ კიდევ მოგვიწევდა ამ ფორმით ამ თემაზე საუბარი და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ამ ფორმით ურთიერთობა. ჩვენ შეგნებულად თავს ვიკავებდით ამ თემის კომენტირებისგან. თქვენთვის ცნობილია, რომ იმ პრესკონფერენციებზე, რომლებიც საგარეო საქმეთა სამინისტოში ორშაბათობით ტარდება, ჩვენ ამ კითხვას მხოლოდ იმ შემთხვევაში ვპასუხობდით, თუკი შეკითხვა ჟურნალისტების მხრიდან იქნებოდა და შეგნებულად არ ვსაუბრობდით საჯაროდ იმ ნიუნასებზე, რომლებიც უაღრესად დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის”, - განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიმოწერას ასაჯაროვებს, ელემენტრაული ეთიკის ნორმები და კოლეგიალურობის ფორმაა, რომ საგარეო უწყება საქმის კურსში ჩააყენოს.
“იმ მიმოწერასთან დაკავშირებით, რომელიც გასაჯაროვდა “რუსთავი 2”-ის ეთერით, როდესაც 2 უწყებას - პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის კომუნიკაცია საჯარო ხდება და ეს ჩვეულებრივი უწყებები არ არის, პირველ რიგში, ელემენტარული ეთიკის ნორმებია, კოლეგიალურობის ფორმა უნდა იყოს დაცული, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია თქვენ მიმოწერას გაძლევთ, რომ ჩვენც შეგვეკითხოს აზრი ამის შესახებ და საქმის კურსში ჩაგვაყენოს, რომ ასეთ რამეს აპირებს. მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ჩვენ მომავალში გავაგრძელოთ ურთიერთობა, როდესაც ეს ნდობა დაიკარგა”, - განაცხადა ზალკალიანმა.
“მე ვიხილე ციტირება ჩვენს მიერ გაგზავნილი კომუნიკაციიდან, სადაც შეგნებულად იყო გამოტოვებული ის პასაჟები, სადაც ჩვენ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ძალიან მკაფიოდ განვუმარტავთ, თუ რა ზიანის მომტანი არის ორი დელეგაცის გამგზავრება გაერო-ს კლიმატის ცვლილების სამიტზე”, - დასძინა ზალკალიანმა