მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ უფლებამოსილება უწყდება

მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ უფლებამოსილება უწყდება

მოსამართლე, რომელსაც უფლებამოსილება საპენსიო ასაკის მიღწევის ან თანამდებობაზე ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ უგრძელდება , სასამართლო სისტემაში მენეჯერულ თანამდებობას ვერ დაიკავებს, ხოლო თუ ასეთ თანამდებობაზეა, მისი დატოვება მოუწევს.

მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ უფლებამოსილება უწყდება. ამასთან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები 10 წლის ვადით ინიშნებიან, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებში კი, მათი გამწესდება 3 წლის ვადით ხდება. "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონის გათვალისწინებით, თუკი მოსამართლე მისი მონაწილეობით დაწყებული საქმის განხილვის დამთავრებამდე საპენსიო ასაკს მიაღწევს, ან ამ პერიოდში მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის ვადა გაუვა, მას შეიძლება უფლებამოსილება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე გაუგრძელდეს.

იუსტიციის სამინისტრომ პარლამენტს "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები წარუდგინა, რომლის მიხედვით, იმ ვადის განმავლობაში, როდესაც მოსამართლეს უფლებამოსილება აქვს გაგრძელებული, ის არ შეიძლება დაინიშნოს სასამართლოს თავმჯდომარედ, თავმჯდომარის მოადგილედ, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარედ, ხოლო თუკი პირი ასეთ თანამდებობაზეა, უფლებამოსილება შეუწყდება.