როგორც თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სოციალურად დაუცველი ოჯახი ყოველ მესამე შვილზე 400 ლარის ნაცვლად 800 ლარს, მეოთხე შვილზე 1000 ლარს, ხოლო მეხუთე და მომდევნო შვილზე 1 500 ლარს მიიღო.
„სამი მთავარი მიღწევა გვაქვს. პირველი - წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოსახლეობას ვპირდებოდით, რომ მრავალშვილიან ოჯახებზე გაიზრდებოდა მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა და ეს უკვე გავაკეთეთ. მესამე შვილის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი ოჯახები 400 ლარის ნაცვლად 800 ლარს, მეოთხე შვილზე 800 ლარის ნაცვლად 1000 ლარს, ხოლო მეხუთე და მომდევნო შვილზე 1 000 ლარის ნაცვლად, 1 500 ლარს მიიღებენ. ეს არის ჩვენი წინასაარჩევნო დანაპირების შესრულება და გილოცავთ ამას და ხალხსაც ვულოცავთ, რომ დავიწყეთ რეალური ქმედებები, მიუხედავად ამ გაჭირვებაში ყოფნისა და იმ ბიუჯეტისა, რომელიც ჩვენ დაგვხვდა“, - განაცხადა ნარმანიამ.
მისივე თქმით, რაიონული გამგეობებისთვის 8 მლნ ლარი გამოიყოფა, რათა მათ სოციალური მომსახურების გაწევა შეძლონ.
„ჩვენ დამატებით 8 მლნ ლარი გავითვალისწინეთ და გადავანაწილეთ რაიონულ გამგეობებში. ასევე, ცენტრალურ ნაწილში სოციალური მომსახურების სამსახურები დაფინანსდება 2,5 მლნ ლარით. გავზარდეთ დაფინანსება, რადგან ამ სამსახურების მეშვეობით სხვა სახის სოციალური დახმარებები, რომელთაც კომისიური ფორმით ვიხილავთ და გავცემთ, იქნეს გაცემული. კომისიის შემადგენლობაც განახლდა და დავიწყეთ მუშაობა. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კუთხით პრობლემები არ გვექნება“, - განაცხადა ნარმანიამ.
თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 10 საკითხია გათვალისწინებული.