უელსის სამიტზე პრეზიდენტსა და მინისტრებს შორის არაკოლეგიალური დამოკიდებულება იყო

უელსის სამიტზე პრეზიდენტსა და მინისტრებს შორის არაკოლეგიალური დამოკიდებულება იყო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის შეფასებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილსა და მთავრობის წევრებს შორის უელსის სამიტზე "აბსოლუტურად არაკოლეგიალური დამოკიდებულება" არსებობდა.

როგორც ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მინისტრებს არც ერთ იმ შეხვედრაში არ მიაღებინეს მონაწილეობა, რომლებზეც წინასწარ ჩაწერილები იყვნენ.

"ჩემი საკუთარი გამოცდილებით შემიძლია გაგიზიაროთ, რომ უელსის სამიტის მიმდინარეობისას მართლაც იყო აბსოლუტურად არაკოლეგიალური დამოკიდებულება პრეზიდენტსა და მინისტრებს შორის და რამდენიმე შეხვედრაზე, რომელზეც ჩაწერილები ვიყავით მინისტრები, შეხვედრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გვითხრეს, რომ ჩვენი მისვლა საჭირო არ იყო და შესაბამისად, პრეზიდენტმა ჩვენ შეხვედრებს არ დაგვასწრო. ისიც უნდა ვთქვა, რომ როდესაც მოწვევა არის ფორმატით "ერთი პლუს ერთით", ეს ყოველთვის საერთაშორისო დიპლომატიურ ენაზე გულისხმობს დელეგაციის ხელმძღვანელის და საგარეო საქმეთა მინისტრის დასწრებას. არც ერთ ასეთ ფორმატში მე მონაწილეობა არ მიიღია უელსის სამიტის დროს, რადგან აბსოლუტურად აშკარა იყო, რომ ჩემი თანხლება პრეზიდენტს არ სიამოვნებდა თუ არ მიაჩნდა მიზანშეწონილად – ვერ გეტყვით, რა იყო ამის მოტივაცია, მაგრამ ეს ნამდვილად ასე იყო", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სწორედ ამიტომ კოლეგებთან ურთიერთობის შესაძლებლობები ვერ გამოიყენა.

"მე, მთელი შესაძლებლობები იქ კოლეგებთან ურთიერთობების დამყარების, ვერ გამოვიყენე. იყო მაგალითად, ერთი მოწვევა, სადაც წინასწარ ვიყავი შეთანხმებული უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, კიდევ რამდენიმე კოლეგასთან, რომ იმ ფორმატის დროს გვექნებოდა მეტი კომუნიკაცია, ეს ვერ განვახორციელე სწორედ იმიტომ, რომ პრეზიდენტმა არ ჩათვალა ჩემი დასწრება იმ ფორმატებზე, რომლებზეც ბუნებრივად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ასე იყო", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

უელსის სამიტზე საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობდა.