კლიმატის ცვლილებების სამიტში მონაწილეობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სახელზე გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მოწვევა თებერვალში გამოაგზავნა, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას მხოლოდ ივნისში აცნობა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
როგორც ტელეკომპანია იუწყება, ამას პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის არსებული მიმოწერა ადასტურებს, რომელიც, მათ გამოითხოვეს.
"რუსთავი 2"-ის ცნობით, გიორგი მარგველაშვილის სახელზე გაერო-ს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის ოფიციალური მიწვევა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 25 თებერვალს შევიდა, თუმცა მაია ფანჯიკიძის უწყებამ ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას რამდენიმე თვის დაგვიანებით, 11 ივნისს აცნობა.
მათივე განმარტებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალური წერილის სახით საგარეო უწყებას გაეროში, კლიმატის ცვლილებების სამიტში მონაწილეობის თაობაზე თანხმობა 7 ივლისს დაუდასტურა, რასაც სამინისტროდან 8 ივლისს საპასუხო წერილი მოჰყვა იმის თაობაზე, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ნიუ-იორკში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაემგზავრებოდა.
როგორც "რუსთავი 2" განმარტავს, ამის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო უწყებასა შორის მიმოწერა კიდევ რამდეჯერმე განხორციელდა, სადაც, ერთი მხრივ, ქვეყნის პირველი პირის ადმინისტრაცია ირწმუნებოდა, რომ გიორგი მარგველაშვილს სამიტში მონაწილეობის უფლება ჰქონდა და ვიზიტის მომზადებაში მაია ფანჯიკიძის უწყებას დახმარებას სთხოვდა, მეორე მხრივ კი, სამინიტრო განმარტავდა, რომ გაეროში ორი დელეგაციის გამგზავრება ქვეყნის იმიჯს დააზიანებდა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მიმოწერა, ძირითადად საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველ თენგიზ ფხალაძესა და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე დავით ზალკალიანს შორის მიმდინარეობდა.