იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერში მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა.
“ნაციონალური მოძრაობა” დღეს გიორგი მარგველაშვილის ადვოკატის როლს თამაშობს. გიორგი მარგველაშვილი ის ფიგურა არ არის, რომელსაც სჭირდება “ნაციონალური მოძრაობის” ადვოკატობა და თუ ეს მე მესმის, რა თქმა უნდა, პრეზიდენტსაც ეს ესმის და არ მგონია, რომ ეს მას მოსწონდეს”, - განაცხადა წულუკიანმა
ამასთან, თეა წულუკიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ “ქართული ოცნებიდან” ქართველ ხალხს არავინ აურჩევია, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ეთამაშონ ან ეკეკლუცოს.
“არის მომენტები, როდესაც მე მასში ამ სისუსტეს ვხედავ, თუმცა მან ჩემი ეჭვები მოდით დავუშვათ, რომ გაფანტა, როდესაც თქვა, რომ ის არ აპირებს, არავითარ ძალებთან შეკვრას. მე ძალიან კონკრეტული წარმოდგენა მაქვს, თუ რა უნდა იყოს პრეზიდენტის როლი იმ კონსტიტუციის ფარგლებში, რომელიც ჩვენ არ დაგვიწერია - არც მე და არც ბატონ გიორგის, არავის “ქართული ოცნებიდან”, არამედ ეს კონსტიტუცია “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაწერა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ჩაკეტილი იყო თავის ოთახში და ბატონი ავთო დემეტრაშვილის ხელმძღვანელობით, ისე რომ ამ ოთახში ოპოზიციას არ უშვებდა და მე ეს კარგად მახსოვს, დაიწერა ეს კონსტიტუცია”, - განაცხადა წულუკიანმა.
ამასთან, იუსტიციის მინისტრი არ იზიარებს იმ აზრს, რომ დღეს პრეზიდენტის ინსტიტუტი დამცირებული, დაკნინებული და შესუსტებულია.
“მიმაჩნია, რომ პრეზიდენტს ამ კონსტიტუციით აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლები, რომლებიც მგონია, რომ მან ჯერ ვერ მოირგო და მან ეს როლი და როლები სასწრაფოდ უნდა მოირგოს იმიტომ, რომ ჩვენი გუნდი, რომლის წევრიც არის გიორგი მარგველაშვილი, სხვაგვარად ქვეყნის პროგრესზე მუშაობას უბრალოდ ვერ გააგრძელებს”, - განაცხადა წულუკიანმა.