თბილისის საკრებულოს სხდომაზე 2014 წლის ბიუჯეტის 12 მილიონი ლარით შემცირების საკითხს იხილავენ. საკითხის განხილვა სხდომაზე ამ წუთებში მიმდინარეობს.
სხდომის დღის წესრიგის დამტკიცებამდე, საკრებულოს წევრებმა სხვადასხვა საკითხის ინიცირება მოახდინეს. ფრაქცია "დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენელმა თამარ ცინცაბაძემ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილს მიმართა, გაერკვეს, რა პოზიცია აქვს საკრებულოს ერთიანი ავტოპარკის შექმნასთან დაკავშირებით, რომელი საკითხის განხილვასაც ალიბეგაშვილი დეპუტატებს დაჰპირდა.
თამარ ცინცაბაძემ აღნიშნა, რომ 2013 წლის ავტოპარკისთვის 1 მილიონი ლარი დაიხარჯა. 2014 წლის პირველ ნახევარში კი 800 ათასი ლარია დახარჯული და წლის ბოლომდე ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება. მისივე თქმით, საკრებულოს 33 დეპუტატს ემსახურება მანქანა, მათ ფრაქციას კი - არა.
ამ საკითხს სხდომაზე გამოეხმაურა საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და აღნიშნა, რომ მას მომზადებული აქვს პრეზენტაცია, რომლითაც იგი დეპუტატებს შესთავაზებს თანხების დაზოგვის მიზნით როგორ ისარგებლონ სამსახურეობრივი ავტოპარკით. ელისაშვილმა დასძინა, რომ ეს ნამდვილად იქნება ქამრების შემოჭერა და დაიზოგება თითოელი თეთრი საწვავისა და სხვა ხარჯებისთვის. ელისაშვილი პრეზენტაციის გამართვას დეპუტატებს თვის ბოლომდე დაჰპირდა.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა დასძინა, რომ სხვა ხარჯების შემცირება შესაძლებელია, საწვავის შემცირება კი ნაკლებადაა შესაძლებელი, რადგან აგვისტოს თვემ აჩვენა, რომ მაჟორიტარ დეპუტატებს ამ თვალსაზრისით ხარჯი გააჩნიათ, რადგან ბევრს მოძრაობენ.
2014 წლის თბილისის ბიუჯეტში მცირდება საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გათვალისწინებული თანხები, ასევე, ავარიული კორპუსების გამაგრებისა და კოოპერატიულ ბინათმესაკუთრეთა კორპუსების დასრულებისათვის გათვალისწინებული თანხები.
გარდა ამისა, როგორც სხდომის დაწყებამდე საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, სხვა პროექტებიდან გადასროლილ ხარჯზე იზრდება სოციალური მიმართულების პროგრამების დაფინანსება 8 მილიონი ლარით და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარით. სულ 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის მოცულობა 785 მილიონი ლარია.