ადვოკატის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ კიდევ უფრო გააღრმავა ეჭვი, რომ 10 თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა დეგეგმილი იყო , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ღვინიაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
იგი გამოეხმაურა რაფალიანცების ოჯახის ადვოკატის, ლალი ბიწოშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით, 10 თვის ჩვილის მკვლელობა "ქართულ ოცნებას" უკავშირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ვიდეოჩანაწერი ადვოკატმა რომეო საჯაიამ გაავრცელა. ვიდეოჩანაწერში ლალი ბიწოშვილი აცხადებს, რომ დანაშაულის დაფარვას ხელს უწყობდნენ ამჟამინდელი შსს გენინსპექციის უფროსი ვარლამ ხათრიძე და გენინსპექციის ყოფილი უფროსი ზვიად ჯანყარაშვილი, რომელთა დავალებითაც ის მოქმედებდა.
როგორც რომეო საჯაიამ აღნიშნა, რაფალიანცის ოჯახის ადვოკატის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ გააღრმავა ეჭვი, რომ მომხდარი შემთხვევა "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა.
"გაკეთებული განცხადებით, ღრმავდება ეჭვი, რომ ფაქტი იყო დაგეგმილი და კიდევ უფრო გაღრმავდა ეჭვი, რომ ეს ფაქტი გამოყენებულ იქნა ოცნებისა და მისი ხელმძღვანელების მიერ, მათ შორის დღევანდელი პრემიერ-მინისტრის, ღარიბაშვილის კრიტიკული მიზნებისთვის. დღიდან ამ ფაქტისა, ჩვენ ვითხოვდით გამოძიებას, მაგრამ გამოძიებული დღეს არაფერია. გამოჩნდა ადამიანი, რომელიც არის "ქართული ოცნების" ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის წევრი და ადვოკატი. იგი პირდაპირ აცხადებს, რომ ბარბარე რაფალიანცის სიკვდილი დაკავშირებული იყო "ქართულ ოცნებასთან". ის ასახელებს კონკრეტულ პიროვნებას, - აღნიშნა გიორგი ღვინიაშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და "ქართული ოცნების" მომხრეებს მოუწოდებს, ერთად მოითხოვონ ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიება. "წინააღმდეგ შემთხვევაში ლეგიტიმური იქნება ის ეჭვი, რომელიც ახლა არსებობს, რომ ეს დანაშაული ჩადენილია "ქართული ოცნების" მიერ", - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.
მისივე თქმით, განსხვავებით "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისგან, ის ხელს არავის ადებს. თუმცა, როგორც ღვინიაშვილმა აღნიშნა, ობიექტური გამოძიების პირობებში ვისი დანაშაულიც არ უნდა გამოიკვეთოს, ყველა პირი უნდა დაისაჯოს.
"თუკი გამოვლინდება, რომ მანანა ბერიკაშვილია დამნაშავე, უნდა დაისაჯოს. მე არავის ვადებ ხელს, განსხვავებით დღევანდელი ხელისუფლებისა, ერთხელ და სამუდამოდ, საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რა მოხდა ამ საზარელ ღამეს გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში", - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა. იგი პროკურატურას ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს.