საქართველომ პოზიტიური შეფასება ათასწლეულის დეკლარაციით გათვალისწინებული გლობალური მიზნების შესრულებისთვის ჟენევის მინისტერიალზე მიიღო.
მაღალი დონის მინისტერიალს, რომელიც რომელიც გაერო-ს ეგიდით ჟენევაში 15-16 სექტემბერს გაიმართა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე, ეკონომიკის სამინისტროს პოლიტიკის ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლალი ღოღობერიძე და დონორების კოორდინაციის სამმართველოს ხელმძღვანელი თამარ რაზმაძე დაესწრნენ.
მინისტერიალის თემა იყო „2015 წლის შემდგომი მსოფლიოს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესრულების მონიტორინგის და ანგარიშვალდებულების მექანიზმები“.
მინისტერიალის მონაწილეებმა მდგრადი განვითარების ახალი, 2015 წლის დღის წესრიგის შესახებ იმსჯელეს, რომლის შემუშავებაზეც გაერო-ს წევრი სახელმწიფოები მუშაობენ.
საქართველოს მთავრობის დელეგაციამ აქტიური მონაწილეობა მიიღო ათასწლეულის განვითარების გლობალური მიზნების შემუშავების პროცესში, ასევე გამჭვირვალე ანგარიშვალდებულების მექანიზმების შემუშავებაში, რომელთა დანერგვა უზრუნველყოფს გლობალური მიზნების წარმატებით განხორციელებას არა მხოლოდ მსოფლიოში, არამედ საქართველოშიც.
„საქართველომ პოზიტიური შეფასება მიიღო ათასწლეულის 2000 წლის დეკლარაციით გათვალისწინებული გლობალური მიზნების შესრულებაში, როგორებიცაა - პროგრესი სიღარიბის დაძლევის მიმართულებით, ბავშვთა სიკდილიანობის შემცირება, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება და ა.შ. 2015 წლისთვის ათასწლეულის განვითარების გლობალური მიზნები 8-დან 17-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მინისტერიალის მონაწილეებმა ქართული მხარის შეთავაზებები გაითვალისწინეს. მდგრადი განვითარების მიზნები საერთაშორისო საზოგადოების წევრი ყველა ქვეყნისთვის და მათ შორის საქართველოსთვის ახალი გზამკვლევი გახდება“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ.
ათასწლეულის განვითარების მიზნების შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის პრეზენტაცია თბილისში 19 სექტემბერს გაიმართება. ანგარიში ასახავს საქართველოს პროგრესს სიღარიბის დაძლევის, განათლების სისტემის განვითარების, გენდერული თანასწორობის გაზრდის, დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესების, ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების, აივ-ინფექციის და სხვა დაავადებებთან ბრძოლისა და ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფის საკითხებში.