გიორგი მარგველაშვილი მზად არის, საპარლამენტო უმრავლესობას და აჭარის დეპუტაციას შეხვდეს

გიორგი მარგველაშვილი მზად არის, საპარლამენტო უმრავლესობას და აჭარის დეპუტაციას შეხვდეს

საქართველოს პრეზიდენტი მზად არის, როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ასევე აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატებს შეხვდეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა თინათინ მჟავანაძემ განუცხადა.

"საქართველოს პრეზიდენტი ყოველთვის ღია იყო შეხვედრებისთვის. როგორც იცით, იგი დღეს შეხვდა ზაქარია ქუცნაშვილს. გიორგი მარგველაშვილი ამჯერადაც მზად არის, შეხვედრა გამართოს პარლამენტის უმრავლესობასთან და ასევე, აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტაციასთან, რომლებმაც, თავის მხრივ, პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს", - განაცხადა მჟავანაძემ.

დეპუტატი მურმან დუმბაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აჭარის მთავრობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის დაძაბული ვითარებაა. ამდენად, მან მიმართა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, გამოძებნოს დრო და შეხვდეს მურმან დუმბაძეს და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს.

გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ დღეს განაცხადა, რომ ურიგო არ იქნება, თუკი პრეზიდენტი მარგველაშვილი უმრავლესობის წევრებს შეხვდება. პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის სისტემატურ კომუნიკაციაზე დღევანდელ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილი და ზაქარია ქუცნაშვილიც შეთანხმდნენ.