თბილისში, ათონელზე სამთავრობო რეზიდენციის მშენებლობა სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის დასრულდება, თუმცა ჯერ მისი მიზნობრივი დანიშნულების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი კახიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ათონელზე მდებარე შენობის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს გრიფით "საიდუმლო" ადევს და ამ ეტაპზე დეტალური ინფორმაციის გასაჯაროების უფლება სამინისტროს არ აქვს.
"ათონელზე მდებარე შენობა წარმოადგენს სამთავრობო რეზიდენციას, რომლის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს ადევს გრიფით "საიდუმლო". ჯერ მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები და სავარაუდოდ, მისი დასრულება და ექსპლუატაციაში შესვლა წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. რაც შეეხება შენობის შემდგომ გამოყენებას, მთავრობას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. შენობას აქვს სამთავრობო რეზიდენციის სტატუსი, შენდება შესაბამისი სტანდარტებით. ვინაიდან იქ მიმდინარე სამუშაოები არის გრიფით "საიდუმლო", ამ ეტაპზე არ გვაქვს უფლება დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ", - განაცხადა ირაკლი კახიძემ
მისივე თქმით, ასევე საიდუმლოა ინფორმაცია, რომელიც შეეხება მშენებლობასთან დაკავშირებულ თანხებს და სამშენებლო ფართსაც.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა "მაესტროს ცხრიანში" გიორგი მარგველაშვილთან 2-3 თვის წინ გამართული შეხვედრა გაიხსენა.
"როდესაც მარგველაშვილთან ამ თემაზე ბოლო საუბარი მქონდა, მე სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ეს იყო 2-3 თვის წინ ალბათ, მან მითხრა, როდესაც იქნება მზად ათონელზე ის შენობა, გადავალ იქ და საერთოდ იქნება სახელმწიფო შენობების საკითხი ჩავაბაროთ იმას, ვისაც ეკუთვნის", - განაცხადა უსუფაშვილმა.
ამასთან, 21 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წერილი ჩაბარდა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში სამუშაოდ გადასვლას არ აპირებს.
ეს თემა კი, კიდევ ერთხელ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა ავლაბრის რეზიდენციის ხარჯებზე ისაუბრა.
"ავლაბრის რეზიდენცია 16 ათასი კვადრატული მეტრის ფართობისაა სასახლე, მას (მარგველაშვილს) რეალურად სჭირდება 3 ათასი. 16 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის სასახლე უკავია - გადაამრავლეთ, იმ უბანში ერთი კვადრატული მეტრის გირაობა რა ღირს და ნახავთ, რომ 2-3 მილიონი დოლარი ზედმეტი იხარჯება", - განაცხადა ივანიშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.