საქართველოს მთავრობამ მუსლიმი მესხების რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგია დაამტკიცა. დოკუმენტში, რომლის სრული სახელწოდებაა "ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგია", მოცემულია ზოგადი დებულებები, რომლებიც რეპატრიანტთა ღირსეულ დაბრუნებასა და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას ეხება. თუმცა, ხელისუფლება ასევე აპირებს სამოქმედო გეგმის შემუშავებას, რომელიც უკვე კონკრეტულ მექანიზმებს, ქმედებებსა და პროცედურებს გაწერს.
როგორც სტრატეგიაშია ნათქვამი, რეპატრიანთა ღირსეული დაბრუნება გულისხმობს რეპატრიანტების მაქსიმალურ ინფორმირებულობას და მათ ახალ სამართლებრივ გარემოში ადაპტირებას. ამ მიზნით განსაზღვრულია რეპატრიანტთა საჭიროებების შესწავლა, რეგიონებში არსებული რესურსების იდენტიფიცირება, რეპატრიანტთა ინფორმირებულობა, აუცილებელი სამართლებრივი თუ საყოფაცხოვრებო საკითხების შესახებ ინფორმაციის მათთვის გასაგებ ენაზე მიწოდება, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დროს, რეპატრიანტთა მიერ პირადი დანიშნულების ნივთების და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეღავათიან პირობებში გადმოტანის მიზნით, შესაბამისი ნორმატიული აქტების შემუშავება.
რაც შეეხება მუსლიმი მესხების ინტეგრაციის ხელშეწყობას, სტრატეგია მიუთითებს მუსლიმი მესხების კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობის აუცილებლობაზე.
"საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რეპატრიანტთა კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება და ქართული საზოგადოების მულტიკულტურიზმის ტრადიციების გაზიარება. მიზანშეწონილია, შესაბამისი კულტურული პროგრამების შემუშავება და ინიცირება", - ნათქვამია სახელმწიფო სტრატეგიაში.
დოკუმენტში ასევე საუბარია, სრულფასოვანი სამოქალაქო ინტეგრაციისათვის აუცილებელია, რეპატრიანტთა მიერ სახელმწიფო ენის ცოდნა, შესაბამისად, მთავრობა გეგმავს მათთვის ქართული ენის შესასწავლი პროგრამების ორგანიზებასა და სახელმწიფოში არსებული ყველა საგანმანათლებლო რესურსის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
"საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოში მცხოვრები ყველა პირის თანაბარი და სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში. სახელმწიფო ხელს შეუწყობს რეპატრიანტების მაქსიმალურად ჩართვას სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ ყველა პროგრამაში. ქვეყნის ხელისუფლება შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას, რომელიც დაეფუძნება ამ სტრატეგიას. სამოქმედო გეგმა ჩამოაყალიბებს დეტალურ და კონკრეტულ მექანიზმებს, ქმედებებსა და პროცედურებს სტრატეგიაში დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელების მიზნით", - ნათქვამია სახელმწიფო სტრატეგიაში.
დოკუმენტის თანახმად, ზემოაღნიშნული ღონისძიებების განხორციელდება დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით მოხდება.
აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა ყოფილმა მინისტრმა დავით დარახველიძემ XX საუკუნის 40-იან წლებში იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგიის პროექტი მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად მიმდინარე წლის 26 ივნისს გაიტანა, თუმცა მინისტრთა კაბინეტმა მაშინ პროექტი დაიწუნა და დოკუმენტის სრულყოფის მიზნით მისი მიღება გადადო.
ცნობისთვის, 1999 წელს, ევროსაბჭოში გაწევრიანებისას საქართველომ აიღო ვალდებულება 1944 წელს ადიგენის, ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქისა და ბოგდანოვკის რაიონებიდან, ასევე აჭარის ასსრ-დან გასახლებულ მოქალაქეთა დაბრუნების თაობაზე. რეპატრიანტის სტატუსის მიღების მსურველთა განაცხადებების მიღების ვადა 2010 წლის 1 იანვარს ამოიწურა და სულ ქართულ მხარეს 5 841-მა სრულწლოვანმა აპლიკანტმა მიმართა. რეპატრიანტის სტატუსი აქედან 1 349-ს მიენიჭა, 7-მა უკვე მიიღო პირობადებული მოქალაქეობა, ხოლო 54 საქმე პირობადებული მოქალაქეობის შესახებ, განხილვის სტადიაზეა.