საქართველო-უკრაინის ბიზნეს ფორუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრმა იგორ შვაიკამ გახსნეს. ფორუმს სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად ქართველი და უკრაინელი ბიზნესმენები ესწრებოდნენ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა ვიზიტისთვის, რომელიც შედგა, მიუხედავად უკრაინაში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარებისა.
როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებისთვის სოფლის მეურნეობის დარგი ერთ-ერთი პრიორიტეტულია და, შესაბამისად, მაქსიმალური კეთდება იმისათვის, რომ სექტორი, რომელიც წლების მანძილზე სტაგნაციის მდგომარეობაში იყო, სწრაფად და ეფექტიანად განვითარდეს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის აგრარულ სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარება თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
„უკრაინელ და ქართველ ხალხს უპირველესად მეგობრობა აერთიანებს. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა სოფლის მეურნეობის სექტორში მრავალი პროექტის განხორციელებისთვის მყარი საფუძველი შევქმნათ, ორივე ქვეყანაში ერთობლივი საწარმოები გავხსნათ. ქართულ ბიზნესთან საქმიანი მოლაპარაკებები საინვესტიციო ფორუმზე გაგრძელდება, რომელიც 7 ოქტომბერს კიევში გაიმართება“, - აღნიშნა იგორ შვაიკამ.
ფორუმზე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა სხვადასხვა ქართული და უკრაინული საწარმოს პრეზენტაცია წარმოადგინეს.
ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერა განზრახულებათა ოქმს უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
ფორუმის დასკვნით ნაწილში ქართული და უკრაინული კომპანიების წარმომადგენლები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ და თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები განიხილეს.
ფორუმის დასასრულს უკრაინული დელეგაციისთვის ცნობილი გახდა, რომ უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების კანონპროექტს.