ამის შესახებ თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, უფრო მეტად გაიზრდება სოციალური პოლიტიკის დაფინანსება და ის სოციალური პაკეტი, რაც ახლა არსებობს.
ჯაბა სამუშიამ ,,ქართული ოცნების’’ მიერ წინასაარჩევნო დაპირებებზეც ისაუბრა და მოსახლეობას ყველა პროექტის შესრულებას ჰპირდება.
როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მერიას მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა, თუმცა ამის მიუხედავად, სხვადასხვა პროექტების განხორციელება მაინც გრძელდება.
საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელმა ბაგა-ბაღების მშენებლობებზე დეტალურად ისაუბრა.
მისი თქმით, დედაქლაქში დაწყებულია 3 ბაღის მშენებლობა. მოსკოვის გამზირზე ყოფილი №28 ბაღის ტერიტორიაზე სკოლამდელი აღზრდის სასწავლებლის ასაშენებლად ყველა პროცედურა დამთავრებულია და სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება. მანჯგალაძის ქუჩაზე, ყოფილი რკინიგზის ბაღის ტერიტორიაზე კი სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერია გამოცხადებული.
რაც შეეხება მე-8 ლეგიონის ყოფილ 37-ე ბაღს, მასზე ტენდერი დოკუმენტაციის მომზადებისთანავე გამოცხადდება.
ჯაბა სამუშიამ ასევე აღნიშნა, რომ 5 ბაგა-ბაღის პროექტი შესათანხმებლად ექსპერტიზაზე და კეთილმოწყობის სამსახურშია გადაგზავნილი.
კომისიის თავმჯდომარე ოპონენტების განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც ბიუჯეტში გასათვალისწინებელ ინიციატივებს ეხებოდა.
,,ჩვენ დიდი სიამოვნებით დავუჭერდით ოთხივე შეთავაზებას მხარს და მნიშვნელოვნად გავზრდიდით თანხებს, რომ არ ყოფილიყო უაზროდ გახარჯული თანხები ისეთ მუხლებში, რომლებიც თბილისელებს საერთოდ არ სჭირდებოდათ.
10 მილიონზე მეტია დახარჯული ავარიული სახლების სადარბაზოებზე. ეს თანხა რომ იყოს თბილისის ბიუჯეტში, მერწმუნეთ ყველა სოციალური კუთხით მიმართული პროექტი ამუშავდებოდა.
სამწუხაროდ ჩვენ მემკვიდრეობად დაგვხდა გაძვალტყავებული ბიუჯეტი და დღეს ჩვენ იძულებულები ვართ რაიონის გამგეობებს დავუმატოთ 5 მილიონ 600 ათასი ლარი, იმისათვის, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუხლით სამუშაოები არ შეჩერდეს. 8 მილიონი ლარი დავუმატოთ სოციალურ დახმარებებს, იმისათვის, რომ ეს პროექტი არ გაჩერდეს“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ და დასძინა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ფული წინასაარჩევნოდ გამოიყენა.
მისივე თქმით, საკრებულო და დედაქალაქის მთავრობა ორ მნიშვნელოვან პროექტს იწყებენ, რაც მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერასა და სოციალურ დახმარებას ითვალისწინებს.
რაც შეეხება სხვა პროექტებს, სამუშიას თქმით, მათი განხორციელება მომავალი წლიდან გახდება შესაძლებელი.