მურმან დუმბაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ

მურმან დუმბაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ

„ქართული ოცნებიდან" გარიცხული პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ. ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა, ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დუმბაძის განმარტებით, აჭარის მთავრობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის დაძაბული ვითარებაა. ამდენად, მან მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, შეხვდეს მას და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს. დუმბაძის თქმით, პრეზიდენტი ხელისუფლებისაგან არის თამაშგარეშე მდგომარეობაში, თუმცა, ის კანონით ქვეყნის პირველი პირია.

კოალიცია „ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა აღნიშნა, რომ პარლამენტში უმრავლესობა ცდილობს მისი ვიცე-სპიკერობიდან გადაყენებას. მისი განმარტებით, ეს მხოლოდ ორ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ თავად დაწერს განცხადებას და უარს იტყვის ვიცე-სპიკერობაზე ან თუ აჭარის დეპუტატების უმრავლესობიდან, უმრავლესობა, 4 დეპუტატი, მოითხოვს პარლამენტის თავმჯდომარისაგან მის გადაყენებას.

დუმბაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება მის წინააღმდეგ დესტრუქციულ ქმედებას ეწევა.