საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თბილისის ბიუჯეტთთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ნაციონალურ მოძრაობაში" მიიჩნევენ, რომ დღეს ,,ქართული ოცნება" თბილისის საკრებულოს მხარს დაუჭერს და 2003 წლის შემდეგ საქართველოში შედგენილ ყველაზე ცუდ ბიუჯეტს დაამტკიცებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობიდან" აცნობეს, ბიუჯეტი, რომლის დამტკიცებაც დღეს იგეგმება არ შეიცავს არც ერთ ახალ პროექტსა თუ პროგრამას და აუქმებს უკვე დამტკიცებულ ბევრ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ თუ სოციალურ პროექტს. "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
,,დღეს თბილისის საკრებულოს ,,ქართული ოცნება" მხარს დაუჭერს და დაამტკიცებს 2003 წლის შემდეგ საქართველოში შედგენილ ყველაზე ცუდ ბიუჯეტს. ფინანსურ დოკუმენტს, რომელიც, ნაცვლად მოსახლეობისათვის დაპირებების შესრულებისა, რეალურად ასახავს თბილისის ახალი მთავრობის უუნარობას გაუმკლავდეს ქალაქში არსებულ პრობლემებს, არ შეიცავს არც ერთ ახალ პროექტსა თუ პროგრამას და უფრო მეტიც, აუქმებს უკვე დამტკიცებულ ბევრ მნიშვნელოვან ინფრაქტრუქტურულ თუ სოციალურ პროექტს.
12 575 400 ლარით სეკვესტრირებული ბიუჯეტი; ამის მიუხედავად მის შესასრულებლად კომერციული ბანკიდან აღებული 30 მილიონი ლარის ძვირი სესხი (ნაცვლად ცენტრალური მთავრობისთვის თბილისის კუთვნილი თანხების მოთხოვნისა); სახელმწიფოსათვის მუხიანის დასახლებაში მდებარე საწარმოო გაერთიანება ,,ორიონის" ტერიტორიაზე 176 279 კვ.მ მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ გადაცემა, შემდგომში მისი შპს ,,ა.ს. ჯგუფი 1990"-სა და მისი დამფუძნებლის ავთანდილ საყვარელიძისათვის (რომლის უტოპიური იდეის გამო თბილისში რამდენიმე თვეში აეწყო ქართული ავტობუსი, დღეს ქალაქს ჯერ კიდევ არ ყავს ახალი, ევროპული ტიპის ავტობუსები) ფაქტიურად უსასყიდლოდ გადაცემის მიზნით (საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ივნისის #1169 განკარგულება); მხოლოდ ვიცე-პრემიერის კახა კალაძის ცოლის ძმის, გიორგი არეშიძისათვის თანამდებობის შესაქმნელად ახალი სპორტის საქალაქო სამსახურის შექმნა, რაც ადმინისტრაციული ხარჯების ზრდას იწვევს, - ეს მცირე ჩამონათვალია იმ ნათელი მაგალითების, რომლებიც ადასტურებს, რომ დავით ნარმანია და მისი მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებაზე უსაზღვროდ დამოკიდებული, მათი დავალებების შემსრულებელი თანამდებობის პირები არიან, რომლებიც ვერც მომავალში შეძლებენ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულებას. აღნიშნული კი ქალაქში იწვევს ბევრი პრობლემის შექმნას, რომლის მცირე ჩამონათვალიც გვინდა გავაცნოთ თბილისელებს.
1. წელს აღარ დაიწყება ახალი საბავშვო ბაღის შენობების მშენებლობა;
2. ქალაქში აღარ აშენდება მრავალსართულიანი ავტოპარკინგები;
3. გაუქმდა უკვე ჩატარებული სამშენებლო ტენდერი და აღარ გამაგრდება 32 მწვავედ ავარიული საცხოვრებელი სახლი;
4. აღარ მოხდება კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემა ან/და დასამთავრებელი შენობების მშენებლობა;
5. აღარ აშენდება 2 ახალი მედიათეკა:
6. აღარ აშენდება გმირთა მოედნიდან ლაგუნე-ვერეს მონაკვეთზე და ვაშლიჯვრიდან დიღმის მიმართულებით ხიდები,
7. არ გაიზრდება კომუნალური ვაუჩერის ოდენობა. არადა მათი წინასაარჩევნო დაპირება იყო: თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები კომუნალური ვაუჩერებით სარგებლობის პროგრამის ფარგლებში ისარგებლებენ გაორმაგებული შეღავათებით (500 ლარი, დღეს არსებული 250 ლარის ნაცვლად).;
8. არ შემოაქვთ მათი პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება სოციალურად დაუცველ ოჯახებში შეძენილ ახალშობილებზე, კერძოდ, მათი დაპირებით: თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები ყოველ დაბადებულ ბავშვზე მიიღებენ 500 ლარიან ვაუჩერს, ხოლო ტყუპის შემთხვევაში ეს ვაუჩერი გაიცემა თითოეულ ბავშვზე ცალცალკე;
9. აღარ აშენდება მუნიციპალური ავტობუსების ახალი ავტო პარკი,
10. აღარ გრძელდება მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაცია და მათი უსაფრთხოების კამერებით აღჭურვა;
11. მიუხედავად აქტიური დაპირებებისა არ არის გათვალისწინებული არანაირი სიახლე ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის, მწვანე საფარის გაუმჯობოსების კუთხით და მისი დაფინანსება მცირდება;
12. 1 550 000 ლარით მცირდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაფინანსება. ძალიან გასაკვირია, რატომ მცირდება დაფინანსება, როდესაც გამოძახებების რაოდენობა მუდმივად იზრდება და პროპორციულად იზრდება მოსახლეობის უკმაყოფილება დაგვიანებების თუ სხვა კუთხით.
13. მეწარმეობის მხარდაჭერის მუხლი მცირდება 3 500 000 ლარით, რაც დამწყები და მცირე მეწარმეებისათვის დახმარებაზე უარის თქმას ნიშნავს;
14. 200 600 ლარით მცირდება კალათბურთის ხელშეწყობის პროგრამა. ეს მაშინ, როდესაც კალათბურთის ეროვნული ჩემპიონატის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სორტის ამ სახეობას სახლემწიფოსაგან რეალური თანადგომა ესაჭიროება.
ზოგადად უნდა ითქვას, რომ ეს ბიუჯეტი არ ითვალისწინებს მათ მიერ წინაასარჩევნოდ უხვად გაცემული დაპირებებიდან არც ერთი ახალ იდეის, შეთავაზების დაფინანსებას და პირიქით უკვე არსებული დოკუმენტის გაუარესებული ვარიანტია. სწორედ ამიტომ ჩვენ გვინდა შევთავაზოთ ,,ქართული ოცნებას", თბილისის მერს დავით ნარმანიას, რომ ნაცვლად უარგუმენტოდ შემცირებული შემოსავლებისა, კონცერტებისა და სხვა გასართობი ღონისძიებების გაზრდილი ბიუჯეტისა, ნათესავების დასასაქმებლად შექმნილი სამსახურებისა, ბიუჯეტში გაითვალისწინონ თუნდაც შემდეგი მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამები:
1. მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობისას არსებული შეღავათების სისტემის კიდევ განვრცობა: წელსვე თუნდაც მხოლოდ პენსიონერებისათვის და 70 000 ქულამდე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის უფასოდ მგზავრობის შეთავაზება, რაც 2013 წლის მგზავრობის რაოდენობის გათვალისწინებით, ბიუჯეტს დარჩენილი 4 თვის (სექტემბერი - დეკემბერი) განმავლობაში დამატებით დააახლოებით მხოლოდ 1 500 000 ლარი დაუჯდებოდა;
2. მზის ენერგიისა და გაზმომარაგების ახალი სისტემის გამოყენებით იაფი ცხელი წყლითა და გათბობით მოსახლეობის უზრუნველყოფისათვის ამ პროექტის ჩართვა თუნდაც თანადაფინანსების პროგრამებში;
3. წარჩინებული სტუდენტებისათვის ფასიანი სტაჟირების პროგრამის, სახლში უფასო ინტერნეტის, სტიპენდიის შეთავაზება; სტუდენტებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა, რაც დარჩენილ 4 თვეში ბიუჯეტიდან დამატებით დაახლოებით 1 800 000 ლარის გამოყოფას საჭიროებს.
4. ე.წ. მეცამეტე ხელფასი მერიის დაქვემდებარებული დაწესებულებებისა და საწარმოების თანამშრომლებისთვის (სატრანსპორტო კომპანია, საბავშვო ბაღები, დასუფთავების კომპანია, სინათლის ქალაქი და ა.შ). ამავე უწყებების თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდა, ისევე როგორც ეს განახორციელეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუშაკებისთვის". – ნათქვამია განცხადებაში.