საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვია.
აბუ დაბის საერთაშორისო აეროპორტის საპრეზიდენტო ტერმინალში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, შესრულდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების ჰიმნი.
საპრეზიდენტო ტერმინალში საქართველოს დელეგაციას არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრის მოადგილე შეიხ მანსურ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი, საპრეზიდენტო ურთიერთობების მინისტრი და საემიროების საინვესტიციო ჯგუფის თავმჯდომარე, სახელმწიფო მინისტრი აბდულა გობაში დახვდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საემიროებს პრემიერ-მინისტრის და დუბაის მმართველის შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმის მიწვევით ესტუმრა.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი.