ჩვენ უკრაინას ყველა იმ გამოცდილებას გავუზიარებთ, რომელიც საქართველოს დაუგროვდა, რათა მათ იგივე შეცდომები არ დაუშვან, რაც საქართველოში, სამწუხაროდ, იქნა დაშვებული. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ დღეს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში მიმდინარე ქართულ-უკრაინულ ბიზნესფორუმზე განაცხადა.
ქართულ-უკრაინული ბიზნესფორუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და კვების მინისტრმა, იგორ შვაიკამ გახსნეს.
მინისტრებმა შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.
"ჩვენი ისტორიული ურთიერთობა უკრაინასთან ყველას მოგეხსენებათ. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც ჩვენი უკრაინელი მეგობრები ჩამოდიან საქართველოში, განსაკუთრებით იმ დარგში, რომელიც ჩვენთვის პრიორიტეტია. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა, ისე როგორც არასოდეს, ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ავანაზღაუროთ ყველა ის დაკარგული დრო, ყველა ის დაკარგული წელი, რომელიც ამ დარგს არაფერს მატებდა, პირიქით, შესაბამისად, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ხელი შევუწყოთ დარგის პოპულარიზაციას. მოგეხსენებათ, უკრაინაში სოფლის მეურნეობა ძალიან ძლიერია, ამიტომ, ჩვენ ბევრი პრაქტიკის გაზიარებაც შეგვიძლია, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
მისივე თქმით, მას უკრაინელ კოლეგასთან საინტერესო საუბარი ჰქონდა და თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
როგორც ოთარ დანელიამ განაცხადა, საქართველოს მთავრობა კერძო ბიზნესის საქმიანობაში არ ერევა, თუმცა მათ უკრაინულ მხარესთან მჭიდრო კონტაქტების დამყარებაში ხელს შეუწყობს.
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს თანამშრომლობას უკრაინასთან. ჩვენ ასევე მათ გავუზიარებთ ყველა იმ გამოცდილებას, რომელიც საქართველოს დაუგროვდა წლების განმავლობაში როგორც დადებითს, ისე უარყოფითს, იმისთვის, რომ მათ ეს გაითვალისწინონ და იგივე შეცდომები არ დაუშვას უკრაინამ, ისე როგორც დაშვებული იყო საქართველოში", - განაცხადა ოთარ დანელიამ.
უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და კვების მინისტრმა იგორ შვაიკამ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, ამასთან, მან ქართული მხარე მიიწვია კიევში 7 ოქტომბერს დაგეგმილ საინვესტიციო ფორუმზე, ასევე მან ქართული მხარე კიევში დაგეგმილ საინვესტიციო ფორუმზე მიიწვია, რომელიც 7 ოქტომბერს გაიმართება.