ე.წ. ბოშების ბაზრობის ტერიტორიაზე დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას ელოდებიან. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას დიდუბის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა განაცხადა, მერიის სამსახურები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ სიტუაციის სტაბილიზაცია მოხდეს. მისივე ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის ჯგუფი მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ზარალს შეისწავლის, რომელთაც ხანძრის ჩაქრობის დროს სახლის სახურავები დაუზიანდათ.
როგორც გამგებელმა აღნიშნა, განიხილება ორი ალტერნატიული შეთავაზება. კერძოდ, ზემო ბაზრობის "თერგი 1"-ის დირექტორმა გადაწყვიტა, რომ დაზარალებული მოვაჭრეები ადგილებით უზრუნველყოს. ერთ-ერთ ვარიანტად კი ე. წ. ბოშების ბაზრობის მეპატრონის შეთავაზება განიხილება, რომელმაც აღნიშნა, რომ იგი თავად გააკეთებს დახლებს, სადაც მოვაჭრეები "იგივე წარმატებით შეძლებენ საქმიანობას".
გამგებლის ინფორმაციით, მუშაობს კრიმინალური სამსახური, რომელიც ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოიკვლევს.
ე.წ. ბოშების ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი დღეს, გამთენიისას გაჩნდა, დამწვარია 2500 კვმ ფართობი, მოვაჭრეების ნაწილი ხანძრის მიზანმიმართულად გაჩენაზე საუბრობს. მათი ინფორმაციით, ტერიტორიის გასხვისება და ადგილზე ტრაილერების ავტოსადგომის განთავსება ან "კარფურის" მშენებლობა იგეგმებოდა.