მუსლიმი და მართლმადიდებელი მრევლი ქობულეთის მუსლიმური პანსიონის საკითხზე დღეს ბათუმის მეჩეთში იმსჯელებს. ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩაზე მცხოვრებლები ითხოვენ სახელმწიფომ ალტერნატიული ადგილი გამოყოს, სადაც პანსიონის განთავსება იქნება შესაძლებელი.
მუსლიმური პანსიონის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ბათუმის მეჩეთში, მუფთს ჯემალ პაქსაძეს შეხვდებიან. შეხვედრა 11:00 საათზეა დაგეგმილი.
ქობულეთში, მუსლიმურ პანსიონთან აქცია გვიან ღამემდე გაგრძელდა. აქციის მონაწილეებმა პანსიონის ეზოში შესასვლელი გზა საბურავებითა და ფიცრებით ჩახერგეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ისინი შენობაში მოსწავლეების შეყვანასა და სწავლის პროცესის დაწყებას არ დაუშვებენ. მათივე თქმით, მართლმადიდებლურ უბანში მუსლიმანური რელიგიის პროპაგანდა დაუშვებელია. მუსლიმური პანსიონი 40 სასკოლო ასაკის მოსწავლისთვის არის გაანგარიშებული.