მე ვეთანხმებოდი გიორგი მარგველაშვილს, რომელიც ამბობდა, რომ ის პრეზიდენტის სასახლეში არ შევიდოდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა "მაესტროს ცხრიანში" განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის სასახლეში არ გადასვლა იყო გიორგი მარგველაშვილის პოზიცია არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც. "ამასობაში გიორგი მარგველაშვილი იმ სასახლეში რომ გადავიდა, სინამდვილეში ბოლომდე არც და ვერც გადასულა, იმიტომ, რომ მას პრეზიდენტის სამუშაო ოთახი არ დაუკავებია. მე დაახლოებით ერთი თვის წინ მქონდა შეხვედრა და ის მუშაობს გვერდზე, ადმინისტრაციულ კორპუსში მდებარე ოთახში.
ვისურვებდი, რომ მოგვარებულიყოს ეს საქმე ისე, როგორც მე პირადად გიორგი მარგველაშვილმა მითხრა, როდესაც ჩვენ ამ თემაზე გვქონდა საუბარი. როდესაც მასთან ამ თემაზე ბოლო საუბარი მქონდა, მე სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ეს იყო 2-3 თვის წინ ალბათ, მან მითხრა, როდესაც იქნება მზად ათონელზე ის შენობა, გადავალ იქ და საერთოდ იქნება სახელმწიფო შენობების საკითხი ჩავაბაროთ იმას, ვისაც ეკუთვნის. ეს საკითხი მგონია, რომ მოგვარებადია, უბრალოდ ნაბიჯებია სწორად გადასადგმელი", - განაცხადა უსუფაშვილმა.
კითხვაზე, მოგვარებაში გულისხმობს თუ არა მარგველაშვილის პრეზიდენტის სასახლიდან გამოსვლას, უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მოგვარებაში გულისხმობს მოგვარებას. "საკმარისად ვთქვი მე რა ვიცი, რა პოზიცია იყო, ამის იქით ამ თემაზე აღარ წავალ", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში პრეზიდენტის სასახლის თემასაც გამოეხმაურა.
"ცალკე საკითხია სასახლის თემა. მე სპეციალურად არ ვაღვივებ ამას, ველოდები, რას იზამს საზოგადოება, მასმედია. ეკონომიკური ხასიათის კითხვებია. 16 ათასი კვადრატული მეტრის ფართობისაა სასახლე, მას (მარგველაშვილს) რეალურად სჭირდება 3 ათასი. 16 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის სასახლე უკავია - გადაამრავლეთ, იმ უბანში ერთი კვადრატული მეტრის გირაობა რა ღირს და ნახავთ, რომ 2-3 მილიონი დოლარი ზედმეტი იხარჯება. მე არ მინდა ამის გაღვივება, თუმცა ეს ყველაფერი მიწყნარებულია იმის გამო, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ასე აწყობს", - განაცხადა ივანიშვილმა.