პოსტიდან მურმან დუმბაძის გადასაყენებლად პარლამენტი შესაბამის მექანიზმს განიხილავს

პოსტიდან მურმან დუმბაძის გადასაყენებლად პარლამენტი შესაბამის მექანიზმს განიხილავს

ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე მურმან დუმბაძის შეცვლის მიზნით, პარლამენტის მიერ მისი პოსტიდან გადაყენების მექანიზმი განიხილება. "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ დუმბაძის შეცვლის ერთ-ერთ საშუალებად სწორედ გადაყენების პროცედურა დაასახელა. ეს კი იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუკი აჭარის დეპუტაცია დუმბაძეს ვიცე-სპიკერობიდან საკუთარი გადაწყვეტილებით არ გაიწვევს.

"მურმან დუმბაძესთან დაკავშირებული თემა განვიხილეთ. ვისაუბრეთ პარტიიდან, უმრავლესობიდან და ფრაქციიდან მისი გარიცხვის მიზეზებზე. რაც შეეხება ვიცე-სპიკერობიდან დუმბაძის გასვლას, აღნიშნული საკითხი, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დარჩება იმ ფორმით და იმ სახით, რასაც რეგლამენტი ითვალისწინებს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს აღნიმშნულ თემაზე მუშაობა ვთხოვეთ. არის რამდენიმე ვარიანტი და უახლოეს ხანში შესაბამის გადაწყვეტილებას გვეტყვის. არსებობს ორი გზა: - შეიძლება აჭარის დეპუტაციამ მურმან დუმბაძე ვიცე-სპიკერობიდან გაიწვიოს და არის მეორე ფორმა - ის შეიძლება იყოს გადაყენებული. გაწვევა აჭარის მაჟორიტარი დეპუტატების გადასაწყვეტია. ვნახოთ, რომელი გზით წავალთ", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით საგანელიძემ. მისივე თქმით, ამ მიმართულებით ჩამოყალიბებული გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.

დავით საგანელიძის ცნობით, უმრავლესობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრთან ერთად შეხვედრა გაიმართა ასევე ფინანსთა და ენერგეტიკის მინისტრებთან. კითხვები კი დაისვა ენერგეტიკულ თემებზე, ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და რეგიონებში არსებული სიტუაციის შესახებ.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით კი, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას მსჯელობის ერთ-ერთი თემა იყო ის კონკრეტული პრობლემები, რომელიც პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის ურთიერთობებში წარმოიშვა. ამასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილმა უმრავლესობის წევრებს საკუთარი პოზიცია და არგუმენტები გააცნო. ამ თემაზე შეხვედრაზე განცხადებები დეპუტატების მხრიდანაც გაკეთდა.