მანანა კობახიძე არასამთავრობოებს პასუხობს

მანანა კობახიძე არასამთავრობოებს პასუხობს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, "შუბლის გახვრეტის" თაობაზე მის მიერ გამოყენებული ფრაზის პირდაპირი მნიშვნელობით აღქმა და გაგება, არასწორია.

როგორც კობახიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, მან პროტესტი იმ სიძულვილის ენის მიმართ გამოხატა, რაც ძალიან უხვად არის საზოგადოებაში, სოციალურ ქსელში და არ აქვს კორექტულობის ფარგლები. მისი თქმით, მსჯელობის საგანი უნდა გახდეს, რატომ ხდება პოლიტიკოსი ქალის შეურაცხყოფა გენდერული ნიშნით.

"ამ შემთხვევაში საუბარი არ არის განსხვავებულ აზრის, განსხვავებული პოლიტიკური ხედვის ქონაზე, ან რომელიმე პარტიის კრიტიკაზე. საუბარია პირდაპირ ამორალურ, ძალიან უზნეო და შეურაცმყოფელ გამონათქვამებზე. სწორედ იმ ბინძური კანპანიის მიმართ მქონდა პროტესტი, რომელიც ქალი პოლიტიკოსების მიმართ არის გაცხადებული. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აღნიშნული პრობლემა უნდა აიტერესებდეთ. მათ უნდა აინტერესებდეთ, საიდან წამოვიდა ჩემი სტატუსი და არ უნდა იყოს ცალმხრივი მიდგომა", - აცხადებს მანანა კობახიძე, რომელიც მზად არის შეხვდეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთი ჯგუფი პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს "ძალადობის წახალისებაში" ადანაშაულებს. ორგანიზაციების ნაწილი მანანა კობახიძის ერთ-ერთ განცხადებას აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ძალადობის წახალისებასთან ერთად ის გენდერულ სტერეოტიპებს ამყარებს.