საქართველოს პრეზიდენტს, მის ადმინისტრაციას უნდა ჰქონდეთ სათანადო სამუშაო სივრცე, სადაც ის განახორციელებს საკუთარ კომპეტენციასა და უფლებამოსილებებს, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ პრეზიდენტის ადმინისტაციაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დავით პატარაია გამოეხმაურა ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუს, სადაც იგი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებულ ხარჯებზე საუბრობდა. როგორც დავით პატარაიამ აღნიშნა, საუბარია საქართველოს პრეზიდენტზე და მის ინსტიტუტზე. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი არის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუცია საქართველოში - საქართველოს პრეზიდენტი როგორც სახელმწიფოს მეთაური, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, როგორც საქართველოს ინტერესების წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში და ასე შემდეგ.
დავით პატარაიას თქმით, ბუნებრივია, რომ საქართველოს პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას უნდა ჰქონდეს სათანადო სამუშაო სივრცე, სადაც ის განახორციელებს საკუთარ კომპეტენციასა და უფლებამოსილებებს.
როგორც ადმინისტრაციის უფროსმა განმარტა, ყოფილ პრეზიდენტს რამდენიმე რეზიდენცია ემსახურებოდა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კი ყველა მათგანზე უარი თქვა და დატოვებულია მხოლოდ ავლაბრის რეზიდენცია, რომელიც აშენების მომენტიდან პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებას ემსახურებოდა.
პატარაიას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი ადმინისტრაციასთან ერთად შენობაში საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად გადავიდა. დავით პატარაიას განცხადებით, საკითხის განხილვა ყოველთვის უნდა მოხდეს სწორედ პოლიტიკურ ჭრილში, პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების ჭრილში და არ უნდა იქნას დაყვანილი უმნიშვნელო სამეურნეო თემებამდე.
"პრეზიდენტის პოლიტიკური გადაწყვეტილება იმაში მდგომარეობდა, რომ ამ უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ორგანოს უდნა ჰქონდეს სათანადო ღირსეული სამუშაო სივრცე. სწორედ ეს იყო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი", - აღნიშნა დავით პატარაიამ.
მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჟურნალისტებს შენობის ფართთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ვერ მიაწვდის, ვინაიდან დღემდე აღნიშნული ფართი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბალანსზე არ იმყოფება. დავით პატარაიას განცხადებით, საკითხი მრავალჯერ იყო დასმული, რომ აღნიშნული შენობა-ნაგებობა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადმოცემულიყო.
"ამდენად, დეტალურ ინფორმაციას ნამდვილად ვერ მოგაწვდით რამდენი კვადრატული მეტრია ეს შენობა-ნაგებობა", - აღნიშნა დავით პატარაიამ.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტის სასახლე 16 ათასი კვადრატული მეტრის ფართობისაა.
"16 ათასი კვადრატული მეტრის ფართობისაა სასახლე, მას (მარგველაშვილს) რეალურად სჭირდება 3 ათასი. 16 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის სასახლე უკავია - გადაამრავლეთ, იმ უბანში ერთი კვადრატული მეტრის გირაობა რა ღირს და ნახავთ, რომ 2-3 მილიონი დოლარი ზედმეტი იხარჯება", - განაცხადა ივანიშვილმა.