უსუფაშვილმა უმცირესობას მიმართა, რუსთაველზე მდებარე პარლამენტის განახლებულ შენობაში შევიდნენ

უსუფაშვილმა უმცირესობას მიმართა, რუსთაველზე მდებარე პარლამენტის განახლებულ შენობაში შევიდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უმცირესობას თბილისში, რუსთაველზე მდებარე პარლამენტის განახლებულ შენობაში შესვლისა და მუშაობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

"სამწუხაროდ უმცირესობა თავს იკავებს შენობაში შემოსვლისგან და მუშაობისგან. მე მათ კიდევ ერთხელ მივმართავ, რომ მოვიდნენ და იმუშაონ ჩვენთან ერთად, ისე როგორც მუშაობდნენ ჩემს სამუშაო ოთახში, სანაპიროზე მდებარე იუსტიციის სახლში. თუ სანაპიროზე მდებარე იუსტიციის სახლში შეიძლებოდა კომიტეტისა და ბიუროს სხდომების ჩატარება, ცხადია 400 მეტრის მოშორებით, რუსთაველზე მდებარე შენობაში ეს ასევე შესაძლებელია. ამიტომ მე მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ მობრძანდნენ და იმუშაონ. მათთვის ყველაფერია დარეზერვებული – ის, რაც ყველას ეკუთვნის", - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

უსუფაშვილის განმარტებით, პარლამენტი რჩება ქუთაისში, თუმცა ღონისძიებების ნაწილი ჩატარდება თბილისში.

"პარლამენტი რჩება ქუთაისში და ხვალ იქ მივემგზავრები, მაგრამ ზოგიერთი ღონისძიება ჩატარდება თბილისში", - განაცხადა უსუფაშვილმა.