მურმან დუმბაძე, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა, არ გამორიცხავს, "ქართული ოცნებას" ახალი ფრაქცია გამოეყოს.
როგორც დუმბაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მას წერილობით განცხადება ფრაქცია "ქართული ოცნებისა" და უმრავლესობის დატოვების შესახებ არ გაუკეთებია, თუმცა საჯარო განცხადებაც საკმარისია.
"უმრავლესობაც და შესაბამისად, ფრაქციაც, დავტოვე. გავაკეთე ოფიციალური განცხადება და ეს საკმარისია, რაიმე წერილობითი მიმართვა საჭირო აღარაა. ფრაქციის წესდება ამბობს, რომ ოფიციალური განცხადება საკმარისია. ყოველგვარი ვალდებულებას ვიხსნი როგორც ფრაქციის, ასევე უმრავლესობის წინაშე", - განაცხადა მურმან დუმბაძემ.
იგი პარლამენტში ჯერჯერობით დამოუკიდებელი დეპუტატად რჩება.
"მე ჯერჯერობით დამოუკიდებელი დეპუტატი ვარ, არც ერთ ფრაქციაში არ ვიქნები, მაგრამ საერთოდ, პოლიტიკური პროცესია და არ გამოვრციხავ იმას, რომ საქართველოს პარლამენტში "ქართული ოცნებიდან" გამოეყოს ახალი ფრაქცია. 6-კაციანი შემადგენლობა სრულიად საკმარისია, რომ პარლამენტს ახალი ფრაქცია ჰყავდეს. მე კონკრეტული გვარების დასახელება არ შემიძლია, მაგრამ ვიცი, უმრავლესობაში არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ საკუთარი შეხედულებები დღევანდელ ხელისუფლებაზე, მათ მოქმედებაზე, სამთავრობო ინიციატივაზე და ა.შ. და იგი ძირითადში არ ემთხვევა უმრავლესობის შეხედულებას", - განაცხადა მურმან დუმბაძემ.
რაც შეეხება პარლამენტის ვიცე-სპიკერობიდან გაწვევას, მურმან დუმბაძის თქმით, ეს საკითხი კონსტიტუციით არის დარეგულირებული.
"სპიკერობის საკითხი მარტო უმრავლესობის გადასაწყვეტი საკითხი არ არის,. გასაგებია, რომ უმრავლესობაში ეს საკითხი დაისვა და ბატონი საგანელიძე ამას ახმოვანებს, მაგრამ აქ სერიოზული ბარიერია კონსტიტუციის სახით, რომელიც ამბობს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კვოტით საქართველოს პარლამენტის სპიკერს ჰყავს მოადგილე და მთავარი სიტყვა აქ ეკუთვნით მაჟორიტარებს, რომლებიც აჭარის ავტონომიიდან არიან. დავით საგანელიძეზე და გიორგი ვოლსკიზე რომ იყოს დამოკიდებული, საქართველოს პარლამენტიდანაც გამიშვებდნენ, მაგრამ საქართველოს კონსტიტუცია ამას კრძალავს", - განაცხადა მურმან დუმბაძემ.