ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში "დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის" სტუდენტებისთვი გამართულ "თეთრი ხალათის" ცერემონიალს დაესწრო.
როგორც ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, ემორის უნივერსიტეტი და საქართველოს სამედიცნო უნივერსიტეტი პარტნიორობენ და ამ პარტნიორობის შედეგად შექმნილია სასწავლო პროგრამა.
"სტუდენტები 6 წლის განმავლობაში შეისწავლიან სამედიცინო სფეროს და შემდეგ დადგებიან ამ დარგის პროფესიონალები. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა აღვნიშნოთ აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ჯანდაცვისა და მედიცინის სფეროში.
დღეს გვქონდა თეთრი ხალათის ცერემონია. ეს ნამდვილად ძალზე სასიხარულო მომენტია როგორც სტუდენტებისთვის, ასევე ამერიკა- საქართველოს ურთიერთობებისთვის", -აღნიშნა ელჩმა.
2013 წლის 16 სექტემბრიდან, თბილისის სახემწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დაიწყო ახალი – "დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა", რომელიც შემუშავდა და განხორციელდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) სამედიცინო სკოლის (ESOM) ერთობლივი პროექტის საფუძველზე. ინგლისურენოვანი სწავლება და პროგრამის სტრუქტურა გაუადვილებს სტუდენტებს სწავლის პროცესშივე ჩააბარონ აშშ სამედიცინო ლიცენზირების გამოცდის (United State Medical Licensing Examination – USMLE) ორივე საფეხური. სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს მიენიჭება "დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი".
მიმდინარე სასწავლო წელს პროგრამაზე სწავლა დაიწყო 36 სტუდენტმა. (3 ჯგუფი)
"თეთრი ხალათების" ცერემონიალი ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო უნივერსიტეტების ტრადიციული რიტუალია, რომლის დროსაც სტუდენტი საზეიმო ვითარებაში იმოსება თეთრი ხალათით, რომელიც არის სიმბოლო მომავალი ექიმობის.