მუსლიმური პანსიონის წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს შორის მოლაპარაკება შედგა

მუსლიმური პანსიონის წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს შორის მოლაპარაკება შედგა

ქობულეთში, მუსლიმური პანსიონის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილე ადგილობრივ მოსახლეობას შორის მოლაპარაკებები გაიმართა. როგორც ადგილობრივმა ნოდარ ჭეიშვილმა აღნიშნა, აღნიშნულ უბანში სასწავლებელი არ უნდა იყოს, რადგან ადგილობრივებს არ სჭირდებათ. მისივე თქმით, ქობულეთში ბევრი მეჩეთია და მუსულმანური სასწავლებლების გახსნის საჭიროება არ არის.

"სწავლება ალბათ უნდა იყოს თურქულ, ან არაბულ ენაზე, თუ ნამდვილად ყურანი უნდა შეასწავლონ. ვსვამ კითხვას - ყურანს რომ კარგად შეისწავლის, იმას ქართული აზროვნება ექნება? ქობულეთში იმდენი ჯამეა გახსნილი, აქ აღარ უნდა გაიხსნას ეს სასწავლებელი. მე წინააღმდეგი ვარ. სასწავლებლის ფუნქციონირებაში უცხო ქვეყნის ფული არ უნდა იყოს ჩადებული", - აღნიშნა ნოდარ ჭეიშვილმა.

როგორც მოლაპარაკებების შემდეგ ქობულეთის მუფთმა ასლან ბერიძემ განაცხადა, თუკი გამგეობა მიწას გამოყოფს და პანსიონი აშენდება, ისინი სხვა ტერიტორიაზე გადაინაცვლებენ.

"ჩვენ შევთანხმდით, კომპრომისზე წავედით, ძმობა შევფიცეთ და ვთქვით, რომ უმოკლეს ვადაში მთავრობა გამოგვიყოფს მიწას და სხვა ტერიტორიაზე აშენდება პანსიონი. როგორც კი აშენდება პანსიონი, იმ დღესვე დავტოვებთ ამ ტერიტორიას", - აღნიშნა მუფთმა ასლან ბერიძემ.

მუსლიმური პანსიონი 40 სასკოლო ასაკის მოსწავლისთვისა არის გაანგარიშებული.

აქციის მიმდინარეობისას ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. პანსიონის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა.

"შენ რომ ქართველი იყო, აქ ამ ლოცვებს არ ასწავლიდი", - მიმართა ადგილობრივმა ქალბატონმა მუსლიმური პანსიონის წარმომადგენელს.

"მე ვარ ქართველი მუსლიმი, ქართულად ვასწავლი პანსიონის მოსწავლეებს და მაქვს ქართული პირადობის მოწმობა", - განაცხადა პანსიონის წარმომადგენელმა.

მუსლიმურ სასწავლებელთან ადგილობრივებმა პლაკატებიც გამოფინეს შემდეგი წარწერებით , - "ხელისუფლებავ, ჩაიხედე აჭარის ისტორიაში!", "ჩვენ არ გვჭირდება რელიგია უცხოური ფულით დაფინანსებული", "შევაჩეროთ თურქული ექსპანსია". "ენა, მამული, სარწმუნოება".