საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე პარლამენტში აჭარის დეპუტაციას შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" დავით საგანელიძემ განუცხადა , საუბარი შეეხო პარლამენტის ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძესთან დაკავშირებით გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას. თუმცა, არსებული ინფორმაციით, მმართველ გუნდში მსჯელობის საგანია, თუ რა ფორმით განხორციელდეს მურმან დუმბაძის პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტიდან გადაყენება.
მურმან დუმბაძე ამ თანამდებობაზე აჭარის კვოტით არის წარდგენილი. ის აჭარის მაჭორიტარი დეპუტატების უმრავლესობამ დაასახელა და პარლამენტმა მათი წარდგინებით დაამტკიცა.
პარლამენტში აჭარის რეგიონიდან ექვსი დეპუტატია. აქედან ორი - ფატი ხალვაში და როსტომ ხალვაში უმრავლესობის წევრები არიან, იაშა შერვაშიძე და ანზორ ბოლქვაძე – პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები არიან, ომარ მეგრელიძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრია, ხოლო მურმან დუმბაძე უკვე ოპოზიციაში გადასული დეპუტატია.
აჭარის დეპუტაციის ამ კონფიგურაციის გათვალისწინებით, მმართველ გუნდს სულ მცირე 4 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, რომელიც განაცხადებს მურმან დუმბაძის ვიცეს-პიკერობიდან გამოწვევის თაობაზე.