ძალიანაც კარგი, თუ ბიძინა ივანიშვილმა გააკრიტიკა მედია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მისი წინამორბედის, ბიძინა ივანიშვილის მიერ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში მედიის კრიტიკის კომენტირებისას განუცხადა.
"მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ როდესაც მედია არის გასაკრიტიკებელი, ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ ამას. თქვენ არ ხართ ხელშეუხებელი საზოგადოება და არ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც შეიძლება ყველაფერი გააკეთონ და ჩვენგან არ მოისმინონ კრიტიკა. თუ ხართ არაობიექტურები, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მიგითითოთ და მე ამაში ვერავითარ წინააღმდეგობას და პრობლემას ვერ ვხედავ. როდესაც ჩვენ ვართ არაობიექტურები, მთავრობის წარმომადგენლები, თქვენ ხომ გვაკრიტიკებთ, როდესაც თქვენ ხართ არაობიექტურები, ჩვენ უნდა დავიტოვოთ უფლება მინიმუმ მიგითითოთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მედიის ობიექტურობასთან დაკავშირებით ისევ შენიშვნები აქვს. როგორც ივანიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, მედია უკეთესი უნდა გახდეს.
"ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, როგორ გახდეს მედია უკეთესი. თუ მას დაედო ტაბუ და საზოგადოებაში მედიაზე მსჯელობა აიკრძალა, ვერ გავბედეთ კრიტიკული შენიშვნების გამოთქმა, ეს იქნება ყველაზე დიდი უბედურების მომტანი. სწორედ ეს იყო, რასაც მიაღწია სააკაშვილმა, რომელსაც კრიტიკა არ სურდა, ლამის მთელი მედიის მობილიზება მოახდინა და კატასტროფისკენ მიჰყავდა ქვეყანა", - აცხადებს ივანიშვილი.
ყოფილი პრემიერი განსაკუთრებულ აქცენტს ტელევიზიებზე აკეთებს და ფიქრობს, რომ "რუსთავი 2" "ნაციონალური მოძრაობის" აგიტაციას ეწევა, თუმცა "უფრო მძიმე" სიტუაციაა სხვა ტელევიზიებში.
"რუსთავი 2" არ მალავს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" აგიტაციას ეწევა და რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ ერთხელ დავასახელებ - მათი ("ნაცმოძრაობის") ლიდერი არის "რუსთავი 2"-ის მეპატრონე და ამის გაქარწყლებას უკვე არავინ ცდილობს. "რუსთავი 2"-ს ეს უფლება აქვს, კანონებს თუ არ არღვევს. ჩემთვის სხვა მედიასაშუალებები უფრო მძიმეა, ვიდრე "რუსთავი 2", რადგან ჩვენ ვიცით "რუსთავი 2"-ის უკან ვინ დგას, ვინ აფინანსებს, ვინ არის მისი მეპატრონე და ვის აგიტაციას ეწევა. "რუსთავი 2"-ის ნებისმიერი გადაცემა პირდაპირ მიმართულია ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ - რომ იწვის და იბუგება ყველაფერი და მთავრდება საქართველო. მაგრამ, ვიმეორებ - ჩემთვის დღეს უფრო მძიმეა სხვა ტელევიზიები - გინდაც "პირველი არხი", "მაესტრო" თუ "იმედი", რადგან ნებსით თუ უნებლიედ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, პრაქტიკულად იმეორებენ და აჟიტირებას უკეთებენ იმ თემებს, რასაც წამოსწევს "რუსთავი 2". რა არის ამის მიზეზი? პროფესიონალიზმი? დამოკიდებულება? შეიძლება ასეც იყოს... სამი ტელევიზია დავასახელე და საუბედუროდ, არ ჩანს, რომ მათ ჰქონდეთ დამოუკიდებელი ხელწერა, ჩაატარონ სერიოზული კვლევა, ანალიზი და არ იმეორონ ის, რაც აიწევა "რუსთავი 2-დან", - აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი.